12 ივლისი, 2018

რობერტ სტურუა: “ო, როგორ მძულს თეატრი…”

რობერტ სტურუა: "ო, როგორ მძულს თეატრი..."ამ განცხადების ავტორი რეჟისორი რობერტ სტურუაა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება თეატრალურ ხელოვნებას ემსახურება:

“ო, როგორ მძულს თეატრი… რა უაზრობაა – დგას ბრწყინვალე შენობა, ციხე-სიმაგრესავით ჩარაზული, და აქ ყოველ დილით თავს იყრიან მუზების მსახურნი – ნიჭიერები, უნიჭოები, ზოგი ამაყი და მედიდური, ზოგი დაჩაგრული და გაბოროტებული, შედიან დიდ ოთახში, სადაც ზაფხულში სიცხისაგან სული ეხუთებათ, სუნთქვა არ ყოფნით, ზამთარში კი, თბილ სამოსში გამოხვეულნი, კბილებს აკაწკაწებენ. ერთმანეთს ხელგაშლილნი ეგებებიან, თბილად მოიკითხავენ, მაგრამ შური და ბოღმა ახრჩობთ.

ამ დროს შემოდის აღრენილი კაცი ან ქალი, მკაცრად მოავლებს თვალს დამხვდურებს, ყველანი ფეხზე დგებიან, თვალებში შესციცინებენ, გულში კი ფიქრობენ: მოვიდა ტირანი… მერე დაჭმუჭნულ ფურცლებში იქექებიან – ეს მათი როლებია, სისხლის ფასად რომ მოიპოვეს. და იწყება ღვთაებრივი პროცესი: ტირანი ყვირის, ილანძღება, მსახიობები მორჩილად ასრულებენ იდიოტურ მითითებებს…

საღამოს დარბაზი მაყურებლებით ივსება (ყოველთვის კი არა), ისმის მუსიკის ჰანგები, ზოზინით იხსნება მტვრიანი ფარდა, მსახიობები მთვარეულებივით დაეხეტებიან სცენაზე, რაღაცას ლუღლუღებენ… აი, ეს გახლავთ ხელოვნების ტაძარი. და ამ დაწყევლილ შენობაში შემოდიან და ვეღარ გადიან… სცენის მუშაც კი ვერ თმობს აქაურობას.

როგორ გგონიათ, ამით მთავრდება ყველაფერი? არა, ბატონო, თუ თეატრმა გაცდუნა და შეგიტყუა, არაფერი გეშველება – დაღუპული ხარ.

გიყვართ თეატრი ისე, როგორც მე მიყვარს… მაშინ წადით იქ და მოკვდით! ეს რომ სხვას არ ეთქვა, მე ვიტყოდი.“