13 ივლისი, 2018

მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე” დაამახინჯეს

მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" დაამახინჯესკულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი “კვაჭი კვაჭანტირაძე” გამომცემლობა “ბაკმიმ” დაამახინჯა:

“მოგეხსენებათ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი “კვაჭი კვაჭანტირაძე” შეიცავს ერთ მთლიან თავს, სადაც ხდება გრიგოლ რასპუტინის მკვლელობა, რომელშიც შეთქმულებთან ერთად მონაწილეობს რომანის მთავარი გმირიც – კვაჭანტირაძეც. ეს თავი რომანის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია.

ამ ნაწარმოების ერთ-ერთ ახალ გამოცემაში, რომელიც ეკუთვნის გამომცემლობა “ბაკმი”-ს, ეს მთლიანი თავი ამოღებულია. აი ასე – უცერემონიოდ ამოღებული. ამ უცნაური და ახირებული ცენზურის მიზეზი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ავტორს გამომცემელი ძალიან უპატივცემულოდ ექცევა, რომ არაფერი ვთქვათ ავტორის ლიტერატურული ამოცანის დასახიჩრებაზე, რაც რომანის მთავარი გმირის სახასიათო პორტრეტის შექმნისთვისაა აუცილებელი: რასპუტინთან ურთიერთობის ხაზი ერთ-ერთი საკვანძოა კვაჭანტირაძის წახნაგოვანი პერსონის დახასიათებისთვის.

ცხადზე ცხადია, რომ ამგვარი უმსგავსობა “მორალური პოლიციის” დაწესების ერთ-ერთი მაგალითიცაა, რაც ამ ბოლო წლებში უფრო და უფრო მახინჯი ფორმებით იმკვიდრებს თავს გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე. ასეთი პატერნალიზმი, საგამომცემლო იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა სახის, ამახინჯებს საზოგადოებას და სერიოზულად აზიანებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ასევე არღვევს საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. (მუხლი 17, ნაწილი 1, (დ) ქვეპუნქტი).

როგორც მინიმუმ გამომცემლობამ ბოდიში უნდა მოიხადოს და ტირაჟის ამოღებას თუ ვეღარ მოახერხებს, ხელახლა გამოსცეს მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე” იმ ფორმით, როგორითაც ის ავტორმა იგულისხმა. ეს იქნება ერთადერთი ადექვატური ნაბიჯი გამომცემლობა “ბაკმი”-ს მხიდან.”