14 ივლისი, 2018

ასეთი იყო ვაჟა ფშაველა

ასეთი იყო ვაჟა ფშაველაფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ ვაჟა ფშაველას შვილის გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ჩაიწერა, სადაც მკითხველი ნამდვილ ვაჟა ფშაველას გაიცნობს:

***

აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს.

არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგო მიაჩნდა რამედა.

მეც ვერ ვეგუები ხალხსა. დავდუმდები, მოვიშლები, განდეგილი ვარ ძალიანა… თუ ნიჭიერია კაცი – მამწონ, ავფორთქლდები… როგორც წყალი დაიცე და დაიწიოს, აი ასე ვარ, დავრჩები მარტო და დავისვენებ, გავეხვევი საფიქრალის ნისლშია.

***

ისეთი იყო რო, თუ ადამიანი არ მოსწონდა, არც ავად ასჩქამდებოდა და არც კარგადა. სადა იქონდა დრო მაგეების რატ-რატისა და ყატ-ყატისა.

***
მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი.
მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხსიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… დედასაცა იგავო,- მამამ თქვის, – ბებოსაცა იგავო…

გავქეჯნდები, ქალო! რო ვიცოდე, ოქროს მაძლევს, თუ უარი ვთქვი, არ გამოვართმევ, არ ვიცი, რადა მაქვ ეგეთი ხასიათი…

მძახლებსა – გუგუდაანთ თვირთვილასა და მამას – უმგზავრნია ერთადა. გუუდაანიც მდიდერბი იყვნენ. სად გუგუდაანთ თვირთველაის ცხენი და სად მამისა – გლეხი კაცისა!.. მამაჩემს უთქვამ თვირთვილაისთვი: – გამიცვალე ცხენი, შენი ცხენი კარგი იქნებაო. თან მძახლები არიან, თან დაახლოებულები… არ გაუცვლია თვირთვილასა ცხენი, დაუცინია მამისათვი.

მაიცა, რაც იზმენ!

მე მაშინ გეტყვი, შენი ცხენი სჯობია თუ ჩემი, საღალღის მინდორს რო გაუდგებითო, მამას ეთქო თვირთვილაისთვინა, – ჩემმა ნიკორამა ფრუტუნი იცის, რო გაუხარდებაო, არა მგონია ჩემ ნიკორს წინ ცხენმა გაუაროსო…

მერე გამააქანეს ცხენები მინდორზე და დატოვა ნიკორამა თრთვილაი თავის ცხენიანადა. ნახევარ ვერსზე მაინც გამოასწრო ნიკორმა.

რო შაიყარნეს და დაისვენეს, ამ შენმა თვრთვილამ სთხოვა: – ვაჟავ, ცხენი გამიცვალეო.

– ჩემი ნიკორისასაო, – მამას ეთქო, – კიდსაც არ მოგცემ კუდსაცაო…

სიბერით მოკვდა ნიკორი, კარებზე გადაიქცა და მოკვდა. ეუბნებოდნენ: – ლუკავ, თოფი დაჰკარო, რო წვალობსო. – მე მაგას თოფს ვერ დავკრავო… იავადა, იავადა და მოკვდა.

მერე გაზარდა მამამა კვიცი, ტანად დაბალი, ცეცხლივით იყო. თვითონ გახედნა. კაცი რო შაჯდებოდა, დაიკარგებოდა ბზუკივითა… აი, როგორი ხელი მაქვ იმისგანა… “ცეცხლა” დაარქვა მამამა.

***

მამა ხატობებში დადიოდა იმიტომა, რო წესრიგი გაეგო ხალხისა.

დღეობები იყო წინა დღეებში აქ, ჩარგალშია. მამა წასულა რაღაცისთვინა დუქანში (აიი, მამის ნათქმები სულ გულზე მაწერია!); იქ უქეიფებავ მედუქნესა. დაიღამებია. თითქმის შუაღამე ყოფილა, რო წამოსულა. მოდის მამა და, “სალუდეს” ეძახიან, იქითკე გაიხედა, ხალხი კიდეა ნადღეობარზე თუ არაო. შაჯარისაკე გაიხედა და . . . კაცო, რაღაცა ხან ეენთება, ხან გაქრება, როგორც ცანთელი. უყურებს გაშტერებული მამა და ვერა და ვერ გამოიცნო, რა არი. ეფიქრა მამასა: ეს ორი დღეა ხატობა აღარ არი ნეტა ვინ ანთებს და აქრობს სანთელსაო. მივიდა და რასა ხედავს: ხან ეენთება, ხან ჩაქრება. მივიდა და ნახა, რო ქარი შემოუბერავს და ეინთება, გადაივლის ნიავი და ჩაქრება, მიინავლება ერთი ფუტურო…

მერე უყვებოდა ხალხსა ამ ამბავსა: რო ვისმე დეენახა, იქ შიშით ვერ მივიდოდა და გაავრცელებდა, თუ ხატ-ღმერთი არ არის რა ანთებდ-აქრობდაო… იქ არაფერი არ იყო, არც ანგელოზი და არც ეშმაკიო. გვიანი იყო და ჩემს მეტი ვინ ნახავდა, თორო დღეს იტყოდნენ ანთებდ-აქრობდაო სანთელსაო… მეც კი შევკრთიო, მაგრამ უნდა გამეგოო და გავიგე კიდევაცო… არ გინდათ, გაიგეთ, თქვენ თავში შავიდეს, ეგეთებს ნუ ავრცელებთო…”