28 ივნისი, 2018

შოთა საგანელიძის ზღაპრული სამყარო

შოთა საგანელიძის ზღაპრული სამყაროშოთა საგანელიძე მხატვარ-კალიგრაფისტია. ის ქართული ანბანით პორტრეტებს ხატავს. ხელოვანის ნამუშევრები ”არტინფომ” უკვე გაგაცნოთ.

“გამოხატვა კალიგრაფიის საშუალებით” – ასე უწოდებს თავის შემოქმედებას ხელოვანი.

ქართული ანბანები წარმოადგენს დამწერლობის სამ სისტემას, რომლებიც ქართულ ენას ემსახურებოდა. ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

უძველესი ქართული ანბანის სამ სახეობას არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2015 წელს და ჩაიწერა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში 2016 წელს.

ქართული კალიგრაფია წარმოდგენს ქართული ენის დამწერლობის ფორმას, მხატვრულ კალიგრაფიას, რომელიც იყენებს სამ ქართულ ანბანს.

თანამედროვე მხატვარი-კალიგრაფისტი შოთა საგანელიძე იყენებს ქართულ ანბანს არა მარტო წერისთვის. მან შექმნა უნიკალური სტილი მსოფლიო კალიგრაფიაში: ხატავს მინიმალისტურ სახეებს ქართული ასოებით, სადაც თითოეული ასო წარმოადგენს სახის რომელიმე ნაწილს. იგი ექსპერიმენტირებს სხვადასხვა მასალებით და ამ სახით გამოხატავს ემოციებსა და ხასიათს. ასეთი გზით შექმნილი აქვს ცნობილი ქართველი ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები, მათ შორის მეფე თამარისა, ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველისა, მსახიობ სოფიკო ჭიაურელისა, მხატვარ და რეჟისორ სერგი ფარაჯანოვისა…

შემდგომი ნაბიჯი იყო ინოვაციური ქართული ორნამენტების განვითარება, რომელიც გარდაისახება უნიკალური კალიგრაფიის ტექსტილის დიზაინში.

შოთა საგანელიძის ნამუშევრების ნახვა მსურველებს 13-15 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეეძლებათ.