14 ივნისი, 2018

ოთარ ტატიშვილი: “ეს სამარცხვინოა!”

ოთარ ტატიშვილი ქართულ ტელევიზიებს აკრიტიკებსკომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ქართულ ტელევიზიებს აკრიტიკებს და ამის მიზეზად ტელესივრცეში განათლებული ადამიანების მწვავე დეფიციტს ასახელებს:

“იძინებს მზე!” – ლეგენდარული სიმღერა და მისი სამუდამოდ მიძინებული უნიჭიერესი ავტორი, ნუგზარ ვაწაძე.
ძალიან სამწუხაროა და მძიმე ასატანი ის განუკითხაობა, რაც დღეს ქართულ მედიაში და ტელე-რადიო სივრცეში ხდება. ასეთი რანგის მუსიკოსი, რომელსაც თავად არამ ხაჩატურიანმა მიანიჭა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს საკავშირო კონკურსზე პირველი პრემია სიმებიან კვარტეტში, სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ, მეტ ყურადღებას და პატივს იმსახურებდა.

ნუგზარ ვაწაძე ნამდვილი პროფესიონალი და მაღალი რანგის და აზროვნების მუსიკოსი იყო, თუმცა უაღრესად მოკრძალებული და თავმდაბალი პიროვნება. მას შექმნილი აქვს მუსიკა უამრავი მხატვრული და სხვა მიმართულების ფილმისთვის, მათ შორის “მე ბებია ილიკო და ილარიონი”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში” და სხვა.

იგი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და საერთოდ მიივიწყეს თითქმის. ბატონი ნუგზარი გუშინ დაკრძალეს. მე არცერთ არხზე არ მომისმენია სიუჟეტი თუ განცხადება ამის თაობაზე. ეს სამარცხვინოა. ჩვენთან ეკრანზე დღედაღამ ჩამოკიდებული, ხშირად სრულიად არაფრისმაქნისი და ცარიელი ადამიანები ხდებიან ცნობადი და პატივმისაგები ადამიანები. მთავარია, ეკრანზე ციმციმებდნენ და სულერთია რას წარმოადგენენ და რას აკეთებენ.

სიბნელე და განუკითხაობა სუფევს ტელესივრცეში. ეს იმის ბრალია, რომ განათლებული ადამიანების მწვავე დეფიციტია ამ სივრცეში. არადა ეს სერიოზული მიზანდასახული თუ უნებლიე იარაღია ერის გამოსათაყვანებლად. ჯერ მარტო ის გენიალური სიმღერა რომ დაეწერა “მოლოდინი” (“იძინებს მზე”-თი უფრო იცნობს ქართველი მსმენელი, რომელიც პირველად ქ-ნმა ნანი ბრეგვაძემ შეასრულა) საკმარისი იქნებოდა მისი დაფასებისთვის. ეს სიმღერა რაც დრო გადის, არ კარგავს პოპულარობას და აქტუალობას და, რაც მთავარია, არის უდახვეწილესი გემოვნების და ნიჭიერების მაგალითი, მორის ფოცხიშვილის ლექსზე.

ნათელში იყოს მისი სული, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანის.”