12 ივნისი, 2018

ნიკა რურუა: “ვიცი, რომ გიოს არ ეწყინებოდა…”

ნიკა რურუას ისტორია გიო ხუციშვილზეკულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მომღერალ გიო ხუციშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ამ ამბის საჯაროდ მოყოლა მის მეგობარს არ ეწყინებოდა:

“ვიცი, რომ გიოს არ ეწყინებოდა – ერთი ისტორია მინდა მოვყვე:

აფხაზეთის ომში ერთად ვიყავით. ოჩამჩირეში. რატომღაც გიოს ბათინკები მახსოვს – მუდმივ პოსტზე დგომისგან და წვიმისგან დამბალი, წყლით გაჟღენთილი და ბაწრებით გადაკრული.

ერთხელაც შტაბში საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან ამ ხასიათის მოთხოვნა-საჩივარი შემოვიდა: “ისეთი კაცი გამოგვიგზავნეთ, ვინც ნარკოტიკს არ ეკარება, თორემ ნარკომანებმა შეგვაწუხეს.”

მეთაურობამ გიო აარჩია, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ ის “წამალს” არ ეკარებოდა.

მოკლედ გიო გაამწესეს საავადმყოფოს დაცვის უფროსად, რა ბრაძანებასაც გიო ბუზღუნით, მაგრამ მაინც დაემორჩილა.

გავიდა ერთი კვირა, მეორე, და შტაბში უკვე არა წერილობითი საჩივარი, არამედ მთავარი ექიმი გამოცხადდა და ასეთი რამ განაცხადა: “ეს რა გენიალური ბიჭი გამოგვიგზავნეთ, სულში ვიძვრენთ ყველა, ვგიჟდებით მის სიმღერაზე და იუმორზე, მაგრამ… მაგრამ გიომ და მას აყოლილმა ექიმებმა მთელი სპირტი დალიეს. ასე თუ გაგრძელდა ერთ კვირაში ნემსსაც ვეღარ გავაკეთებ; წაიყვანეთ უკან, ისევ ნარკომანები გვირჩევნია.”

აი, ეგრე იძია გიომ შური ჩვენზე მის სავადმყოფოს დაცვაში გაგზავნისთვის.

რა ვთქვა აბა, ძმაო გიო?! უამრავ ადამიანს არასდროს დაავიწყდები, მოენატრები, გაახსენდები, იმღერებს შენს სიმღერებს, მოგისმენს და დაესიზმრები. თუ რამეა უკვდავება – მგონი ესაა.

მომავალ შეხვედრამდე, უკვე სასულეთში, ძვირფასო ძმაო და თანამებრძოლო.”