მდინარე ხრამის ისტორიულ ძეგლებს დატბორვას უპირებენ

11 ივნისი, 2018

მდინარე ხრამის ისტორიულ ძეგლებს დატბორვას უპირებენ– ხეობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ნაკრძალად უნდა გამოცხადდეს! მე მზად ვარ უანგაროდ გაგიწიოთ კონსულტაციები, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ძეგლების სრული ხელშეუხებლობის გარანტიის მისაღები დასკვნის შესამუშავებლად, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე:

“გასული საუკუნის 80-იან წლებში, წინ აღვუდექი კომუნისტური ხელისუფლების მიერ მდინარე ხრამის (ქციის) ისტორიული ძეგლებით უმდიდრესი, უნიკალური ხეობის დატბორვის პროექტის განხორციელებას (ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით, რისი დეტალური პროექტი უკვე შექმნილი იყო).

საზოგადოებრიობის გამოსაფხიზებლად და პროტესტის გასაღვივებლად, არაფორმალურ გამოცემა “დარბაზში” (№ 2) გამოვაქვეყნე მწვავე სტატია “გადავარჩინოთ სამშვილდის ქვეყნის ძეგლები”, სადაც ჩამოვთვლიდი რა განადგურება-დაზიანების რისკის ზონაში მყოფ ნასოფლარ–ნამონასტრალებს და უძველეს გამოქვაბულ კომპლექსებს (საყდრისის შემოქმედი საზოგადოების ნამოსახლარებს!), ხეობის ამ მონაკვეთზე ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის შექმნას მოვითხოვდი. მაშინ მთავრობა იძულებული გახდა ამ საკითხის შემსწავლელ კომისიაში შევეყვანე, შემდეგ კი ჩვენს არგუმენტებს ანგარიში გაუწია და პროექტის განხორციელება შეაჩერა. სამშვილდის ქვეყნის მუზეუმ–ნაკრძალის ფორმირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი შემდგომაც, 1991-1992 წლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზედამხედველობის სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობის დროსაც, თუმცა, ამის აღსრულებაც, სხვა მრავალ ჩანაფიქრთან ერთად, არ დამცალდა ქვეყანაში განვითარებული ცნობილი ტრაგიკული მოვლენების გამო…

ამჟამად, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ დატბორვის პროექტს “მტვერი გადაბერტყეს” და მის რეანიმაციას ცდილობენ გარკვეული საქმიანი ჯგუფები, თითქოს ქვემო ქართლს ინდუსტრიული საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფები აკლდეს. ამ ეტაპზე, უბრალოდ მოვუწოდებ იმ სპეციალისტებს, რომლებიც სავარაუდოდ ამ პროექტის ექსპერტიზაში ოფიციალურად არიან ჩართულნი, ასეთივე პრინციპულობა გამოიჩინონ, თორემ შემდეგ უფრო რთულდება ხოლმე ვიზირებული პროექტების შეჩერება. სქემა ქართველი საზოგადოებრიობის მიერ უკვე სრულიად გაშიფრულია – გამოყოფენ გარკვეულ სახსრებს “გარემოზე მავნე ზემოქმედების “შემარბილებელი” ღონისძიებების “შესამუშავებლად” და გასატარებლად, ანუ, პირობას დადებენ, რომ რაც შეიძლება ცოტა ძეგლს გაანადგურებენ, სამაგიეროდ, განადგურების წინ ზოგიერთების ფორსირებულ არქეოლოგიურ შესწავლას დააფინანსებენ ექსპერტიზის დასკვნის შემსრულებლების ხელმძღვანელობითვე…

არა!!! ხეობა ისტორიულ–არქეოლოგიურ ნაკრძალად უნდა გამოცხადდეს! მე მზად ვარ უანგაროდ გაგიწიოთ კონსულტაციები, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ძეგლების სრული ხელშეუხებლობის გარანტიის მისაღები დასკვნის შესამუშავებლად.”