26 ივნისი, 2018

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება“საჩუქარი საქართველოს” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში 27 ივნისს გაიხსნება.

ეს არის უპრეცედენტო პროექტი – „ეროვნული სალარო“-ს საფუძველზე ერთი წლის განმავლობაში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც მუზეუმის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეარჩიეს.

(პროექტის სახელწოდება დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ პროცესებთან.)

გამოფენაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ნივთების კოლექცია, რომელიც მუზეუმმა დავით ბეჟუაშვილის ფონდის დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შეაგროვა.

უნიკალური ქართული კინო და ისტორიული კოსტუმები, ოქრომკედით შესრულებული მათი ნაქარგობა, ლეონარდო დავინჩის სკოლის ნამუშევარი, ევროპული პეიზაჟები და მარინისტული ტილოები, თეთრ პერგამენტზე შესრულებული რაინდთა ტურნირების სცენებით გაფორმებული ფოტოალბომი, აღათი დადიანის ვერცხლის სასმისი, რაჭის ერისთავების ყაბალახი, ზაქარია ჭიჭინაძის წერილები, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მარაო, მეფე ვახტანგ VI-ის კაბა (ფილმიდან “დავით გურამიშვილი”) მამაკაცის კაბა, მოხატული ხავერდი (ფილმიდან “გიორგი სააკაძე”) და სხვა.

ნივთების უმრავლესობა ქვეყნიდან გასატანად იყო გამზადებული და ფონდის დახმარებით საქართველოს ეროვნული საგანძურის ნაწილი გახდა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ნივთების კოლექცია გამოიფინება