7 ივნისი, 2018

კახი კავსაძე ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლში

კახი კავსაძე ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლში83 წლის კახი კავსაძე მეუღლის ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლში ითამაშებს.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ნაწარმოებს „პატარა უფლისწულს“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორი ირაკლი კავსაძე დგამს.

9, 10, 16 და 23 ივნისს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მაყურებელს საიუბილეო სეზონის ბოლო პრემიერას შესთავაზებს. სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.

წარმოდგენის პირველი მოქმედება მთლიანად რეჟისორის მიერ დაწერილ, ორიგინალურ ტექსტზეა აწყობილი და მაყურებელს ეგზიუპერის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოუთხრობს, მეორე მოქმედება კი პატარა უფლისწულის ამბავს ეთმობა.

ირაკლი კავსაძემ სპექტაკლი „ანტუანი და პატარა უფლისწული“ დედის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლში მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად დიდი არტისტი კახი კავსაძე მონაწილეობს. იგი მთხრობელის როლს ასრულებს, რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში გვევლინება და მისი სახე წარმოდგენას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს.

სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილია, მხატვრის თანაშემწე – ნუცა ნინო ჭყონია, ინსცენირების ავტორი – ანანო მირიანაშვილი, კომპოზიტორი – კონსტანტინე ლორთქიფანიძე. სპექტაკლში გამოყენებულია ირაკლი კავსაძის მუსიკალური კომპოზიციები, ქორეოგრაფი – მურო გაგოშიძე, ქორეოგრაფის თანაშემწე – ნიკა ნანიტაშვილი, ვიდეო პროექცია – დავით მაჭავარიანს ეკუთვნის, მღერის ნატო ლეკვეიშვილი, რეჟისორი თანაშემწე კი ინგა კაჭახიძეა.

სპექტაკლში მონაწილეობენ კახი კავსაძე, ნინო ანდრიაძე, ნინო ლეჟავა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ჭანუყვაძე, მაია ხორნაული, მარიამ ხუხუნაიშვილი, თეკლა ჯავახაძე, ნიკოლოზ ბოგვერაძე, ირაკლი დუმბაძე, საბა ილურიძე, ნიკოლოზ მიქელთაძე, ნიკა ნანიტაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, გივიკო ხახიძე, ნიკოლოზ ხვთისიაშვილი და გიორგი ჯიქურიძე.

წარმოდგენა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.