12 ივნისი, 2018

ირაკლი მურჯიკნელი: “დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამის შესახებ”

ირაკლი მურჯიკნელი სახელმწიფო სტრუქტურების აპაროფესიონალიზმს აკრიტიკებს– სირცხვილით სად წამეღო თავი არ ვიცოდი. ამდენი უცოდინარი ეგეთ სტრუქტურებში როგორ შეგროვდა? – კითხულობს ოპერის მომღერალი ირაკლი მურჯიკნელი და სახელმწიფო უწყებებს მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს:

“დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამის შესახებ საჯაროდ და ბოლოს გადავწყვიტე რომ ყველამ უნდა იცოდეს, მოგიყვებით ამბავს თუ როგორ “დამეხმარა” ჩვენი სახელმწიფო რჩევებით, როდესაც ვიყავი ევროპაში.

მოგეხსენებათ, რომ ეხლახანს დავბრუნდი საქართველოში 6 ივნისამდე ვიმყოფებოდი ევროპაში. შვეიცარიაში კონტრაკტი მქონდა იანვრიდან 6 მაისამდე, რადგანაც აღემატებოდა 3 თვეს, ავიღე სამუშაო ვიზა და პერმიტი (დროებითი ცხოვრების და მუშაობის უფლება) 6 მაისამდე შვეიცარიაში 8 მაის უკვე საფრანგეთის ქალაქ ტურსში მეწყებოდა რეპეტიციები. მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით, შემიძლია თუ არა ჩემი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ დავრჩე ქვეყანაში როგორც ტურისტი (ვინაიდან საფრანგეთში მიწევდა მხოლოდ ერთი თვე დარჩენა და მაგათი კანონებით სამუშაო ვიზა აღარ მჭირდებოდა) პასუხად მივიღე: თქვენ უსათუოდ უნდა დატოვოთ შენგენის ზონა და დაბრუნდეთ მეორე დღეს! სხვანაირად არ გამოდისო. ანუ უნდა გავფრენილ ვიყავი 7-ში თურქეთში და იქიდან 8-ში რეპეტიციაზე ჩავსულვიყავი მკვდარი. დავიჯერე, კაი, თუ მასეა მეთქი, მასე ვიზავ, აბა, რა მექნა. მერე შვეიცარიაში ინტენდანტმა შემომთავაზა სამუშაო ვიზის გაგრძელება ამხელა წრე რომ არ მერტყა და გამიხარდა.

ოფიციალური საბუთებით მივედი საემიგრაციოში, 2 საათი ვიდექი რიგში, ავედი მაღლა, ვაძლევ საბუთებს ვაწვდი ფულს (150 ფრანკი იყო გადასახდელი) და რას ვიღებ პასუხად: თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხართ, მეკითხება ინსპექტორი და დიახ-მეთქი. და მხოლოდ 1 თვის გამო რატომ გინდათ რომ გააგრძელოთო თქვენ უფლება გაქვთ დარჩეთ შენგენის ზონაში 90 დღეო, რამეში თუ გჭირდებათ გაგიკეთებთო, მაგრამ ამხელა თანხას იხდითო ტყვილაო.

მოვუყევი რა მითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გაოგნებული დარჩა, პასპორტის აქტივირება არასოდეს გამიგიაო, ისედაც აქტიურიაო აღების დღიდანო, მიბრძანდით და მშვიდად იყავით თუ ვინმე შეგედავებათ კანონმდებლობას მოგცემთ და იქ წააკითხეთო რა წერიაო. გამიხარდა და თან ძალიან გავბრაზდი ჩემი სახელმწიფო ამხელა გზაზე მათრევდა უმიზეზოდ!!!

მეორე შემთხვევაში საერთოდ სირცხვილისგან სად წამეღო თავი არ ვიცოდი. შემოსავლების სამსახურიდან მქონდა რეზიდენტობის ცნობა წამოღებული რომ შვეიცარიაში იმის დამადასტურებელი, რომ ვარ საქართველოს რეზიდენტი (ჯერ ამ ცნობაზე მაწვალეს, არც იცოდნენ რომ არსებობდა მსგავსი რამ, სანამ იურისტს არ დაველაპარაკე) მერე თეატრში წარდგენის შემდეგ ოფიციალური წერილი მისწერა თეატრმა შემოსავლების სამსახურს, რათა ე მაილით კიდევ დაემტკიცებინათ ფორმის სისწორე. ერთ დღეს ავდივარ თეატრში და მხვდება უცხოეთთან მოლაპარაკების დეპარტამენტის უფროსი და კვდება სიცილით. შევეკითხე რა მოხდა მეთქი და წამოდი განახებო. ინგლისურად მიწერილ წერილს პასუხობს შემოსავლების სამსახური ქართული ენით ასე: ირაკლი მურჯიკნელის საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია და თავად გადაამოწმოთ ინფორმაციის სიზუსტე.

სირცხვილით სად წამეღო თავი არ ვიცოდი. ამდენი უცოდინარი ეგეთ სტრუქტურებში როგორ შეგროვდა? საზღვარგარეთ ყოფნისას როგორ უნდა დამიცვან, როდესაც კანონების აზრზე არ არიან, იმის კულტურაც არ გააჩნიათ, რომ ინგლისურ წერილს ინგლისურად უპასუხონ!”