19 ივნისი, 2018

გიზო ნიშნიანიძის ყველაზე დიდი სიყვარული

გიზო ნიშნიანიძის ყველაზე დიდი სიყვარულიპოეტ გიზო ნიშნიანიძისთვის ყველაზე დიდი პატივი თბილისელობა იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი ქალაქი და წარსულსაც სიყვარულით იხსენებდა:

„ადრე ერთმა თბილისელმა მასწავლა, – თუ გინდა ნაღდი თბილისელი გაიგო, მაჯაზე მოჰკიდე ხელი, თბილისი ახსენე და გული თუ აუჩქარდება, თბილისელიაო.”

„კარგი თბილისელი ის იყო, ვინც უადგილო ადგილას ჩემოდანსაც არ დადგამდა. თბილისურად ვინც აზროვნებს, ჩამოსული იქნება თუ აქაური, მნიშვნელობა არ აქვს, უკვე თბილისელად ითვლება. ჩამოსული იყო გალაკტიონიც, მაგრამ მოუხდა თბილისს. დარტანიანი ყველაზე ჩამორჩენილი პროვინციიდან, გასკონიიდან გახლდათ, ამის მიუხედავად, შეერწყა პარიზს და დარჩა პარიზელად. ყველა კუთხის კაცს თავისი ადგილ-სამყოფელი უყვარს და რა გასაკვირია, თბილისს ასე ვეტრფოდე.”

„ხალხი თითქოს გულგრილი გახდა. ჩვენს დროს ფაშისტებისგან პირველი დაჭრილი რომ ჩამოვიდოდა თბილისში, მთელი დედაქალაქი მას დასტიროდა. მწარე მოგონებად მახსოვს, ფანჯრებზე ნაჭრები იყო ჩამოფარებული, რათა დაბომბვისას არ შეემჩნიათ. ინვალიდ ფანჯრებს ვეძახდით. ეს მაშინდელი ლენინგრადის ანალოგიური იყო, სადაც გერმანელების მიერ დაცხრილულ ხეებზე წაეწერათ: „ინვალიდი ატეჩესტვენნოი ვაინი.” მაშინდელი თბილისი? – იყო გაცილებით გაჭირვებული, დამშეული, გაყინული, ჩაბნელებული, სურსათის უსასრულო რიგებით, მაგრამ გვიყვარდა-მეთქი ერთმანეთი… სიყვარულმა გვიხსნა, გადაგვარჩინა და გაგვაძლიერა, მხოლოდ სიყვარულმა!”