3 ივნისი, 2018

გიო საჯაია: “პირადი მორალი არ მაძლევს საშუალებას, ყველაფერი რომ არ ვთქვა”

გიო საჯაია: "პირადი მორალი არ მაძლევს საშუალებას, ყველაფერი რომ არ ვთქვა"– მე ყველაფერი მახსოვს, წარსულიდან მოყოლებული, მომავლით დამთავრებული და ეს ჩემი უცნაური მეხსიერება მკარნახობს, რომ ტეხავს, პრემიერს რომ აქციიდან გაგაგდებენ, – აცხადებს პოეტი გიო საჯაია:

“მახსოვს, ერთხელ, ბიძინამ ახსენა ორუელის “ცხოველების ფერმა”, კონტექსტი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდა ამ ნაწარმოების გამო. რაც დრო გადის, მით უფრო სერიოზულად მეპარება ეჭვი იმაში, რომ საერთოდ წაკითხული აქვს და თუ ვცდები, არ გამოვრიცხავ, ვცდებოდე და მაინც აქვს, მაშინ, არცთუ ისე უსაფუძვლო ეჭვი მაქვს, რომ აზრი ვერ გამოიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არ მოხდებოდა. აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ… ძალიან მოკლე შინაარსს მოვყვები მათთვის, ვისაც შეხება არ ჰქონია ამ ნაწარმოებთან:

ერთ-ერთ ფერმაში ცხოველები მოახდენენ გადატრიალებას, ადამიანებს გაყრიან და მმართველობას საკუთარ ხელში აიღებენ. დაწერენ ახალ კანონებს, დაამყარებენ ახალ წესრიგს. როგორც ყველა სოციუმს, მათაც სჭირდებათ ლიდერები და ამ მეტად მძიმე და საპასუხისმგებლო ფუნქციას ღორები აიღებენ თავის თავზე. რაღაც პერიოდი ცხოვრობენ ასე ჰარმონიულად და ბედნიერად. მერე, ნელ-ნელა, ყველაფერი იცვლება და ყველაფერთან ერთად, იცვლება კანონებიც, მცნებები და საბოლოოდ ისე აღმოჩნდება, რომ შვიდი მცნებიდან, რომლებიც ცხოველებს არ უნდა დაერღვიათ, ექვსი საერთოდ გაქრება ბეღელის კედლიდან, სადაც ეს მცნებები იყო ჩამოწერილი წერა-კითხვის მცოდნე ღორების მიერ, ხოლო მეშვიდე და მთავარი “ყველა ცხოველი თანასწორია”, შემდეგ სახეცვლილებას მიიღებს: “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია”.

ყველაზე სიმბოლური მომენტი ის არის ნაწარმოებში, რომ როცა ცხოველები ცდილობენ რამენაირად გააპროტესტონ ღორების თავგასული პრივილეგიურობა, ღორებისგან პასუხად იღებენ იმას, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით, ადამიანები დაბრუნდებიან და ყველანი დავიღუპებითო და ეს ისეთი რკინის არგუმენტია, რომელსაც კონტრარგუმენტი არ გააჩნია, რადგან ადამიანების დაბრუნებას, ისევ ღორების ღორული მმართველობის ატან ურჩევნია ყველას. იმედია, გასაგებია ნაცების დაბრუნებასთან გავლებული პარალელი და გავაგრძელებ შინაარსის თხრობას, თუმცა დიდად მოსათხრობიც არაფერია, მთელი ამ ნაწარმოების გენიალურობისდა მიუხედავად. საბოლოოდ ისე ხდება, რომ ღორები ადამიანებივით წელში იმართებიან და ორ ფეხზე იწყებენ სიარულს, ნელ-ნელა სახეებიც ეცვლებათ და ქცევებიც, შედიან ადამიანების სახლში და ადამიანურად ცხოვრობენ, რაც თავდაპირველი მცნებებით აკრძალული იყო და ერთხელაც, ადამიანებს მოიწვევენ ფერმაში და მათთან ერთად სხედან და ვახშმობენ და სვამენ და იცინიან და განიხილავენ მომავალ გეგმებს, დანარჩენი ცხოველები კი დგანან ფანჯარასთან და აკვირდებიან ხან ღორებს და ხან ადამიანებს და ვეღარ არკვევენ, ვინ ღორია და ვინ ადამიანი.

თუ ახლა ეს ბოლომდე წაიკითხეთ, ნუ მკითხავთ, რამ გაგახსენა ეს ყველაფერიო, მე ყველაფერი მახსოვს, წარსულიდან მოყოლებული, მომავლით დამთავრებული და ეს ჩემი უცნაური მეხსიერება მკარნახობს, რომ ტეხავს, პრემიერს რომ აქციიდან გაგაგდებენ, ამ შემთხვევაში პირადად კვირიკაშვილზე არ არის საუბარი, ის მთელ ხელისუფლებას წარმოადგენს, ხელისუფლებამ კი იმდენი არასდროს უნდა მოჯ.ა, (შემიძლია ვთქვა, მოისაქმო-მეთქი, მაგრამ საკუთარი სტილიდან ამოვვარდები, გაპრანჭულ პოსტებს სხვისას ვერ ვიტან), საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ხალხთან, რომ შენივე მოჯ.ულს რომ შეგაჭმევენ, ყელში არ გადაგივიდეს.

ეს ნაცებსაც ეხებათ, რომლებიც, უნამუსოდ, სამართლიანობის აღდგენაზე ალაპარაკდნენ და მათაც, ვინც მათ ამის საბაბი მისცა. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ მე დღეს ვეღარ ვარკვევ, ვინ ღორია და ვინ უფრო ღორი, თუმცა ეს ალბათ ჩემი პრობლემაა, რომელსაც არავის ვახვევ თავს.

პ.ს. არადა, ვფიქრობდი, ფეისბუქს გავაუქმებ-მეთქი და ბოლო პერიოდი გაუქმებულიც მქონდა, მაგრამ ჩემი პირადი მორალი, (საზოგადოებრივი მორალისგან დიდი ხანია თავი შორს მიჭირავს), არ მაძლევს იმის საშუალებას, ეს ყველაფერი ახლა რომ არ ვთქვა.”