10 ივნისი, 2018

ბუბა კუდავა: “ახალგაზრდებს რომ მორალს უკითხავენ, მაგას უხდება ეს ამბავი”

ბუბა კუდავა ვაჟა ფშაველაზეისტორიკოსი ბუბა კუდავა საზოგადოებას ყოველთვის საინტერესო და ორიგინალურ ამბებს აცნობს.

ამჯერად ბუბა ვაჟა ფშაველას ბავშვობიდან ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს:

“ახალგაზრდებს რომ მორალს უკითხავენ – თქვენს ასაკში ასეთები ვიყავით და ისეთებიო, ე მაგას უხდება ეს ამბავი:

„ბავშვობისას ვაჟას ერთ ხნიერ მეცხვარესთან უმგზავრია ცხენით.

დაღამებიათ გზაზე და დაუნთიათ ცეცხლი ველად. მეცხვარეს უამბნია ვაჟასთვის თავის წარსული და უთქვამს:

– ჩვენ, წინანდელი ხალხი, თქვენსავით ბეჩავები კი არ ვყოფილვართ, ისეთი ყოჩაღები ვიყავით, რომ სულ ცეცხლს ვაკვესებდითო. ამ ლაპარაკში ნაბადმოხვეულებს ჩასძინებიათ ცეცხლის პირას.

ძილის დროს მეცხვარე გადმოგორებულა ცეცხლისკენ და ტანისამოსი დასწვია. ვაჟასაც სძინებია ამ დროს. პატარა ლუკასთვის ფშაველს ჩხუბი აუტეხნია:

– რატომ არ გამაღვიძე, როცა ცეცხლი მეკიდებოდაო?

ლუკას მოსწრებულად უპასუხნია:

– მე მეგონა, ცეცხლს თუ აკვესებდიო.“