25 ივნისი, 2018

ანა ლაშხელი ონიანი: “ერთადერთი შვილმკვდარ დედებს არ ეშინიათ სიკვდილის”

ანა ლაშხელი ონიანი: "ერთადერთი შვილმკვდარ დედებს არ ეშინიათ სიკვდილის"მწერალი და პოეტი ანა ლაშხელი ონიანი ყველაზე მტკივნეულ საკითხს – შვილმკვდარი დედების თემას სევდიან ჩანახატს უძღვნის:

“დადიან შვილმკვდარი დედები ცარიელი მხრებით,
ცარიელი ტვირთით წელში მოხრილები…
დადიან და არ იციან სად წაიღონ სითბო,
რომელიც შვილისთვის უნდა დაეხარჯათ.
დააქვთ საკუთარი სხეული და არ უშვებენ მზეს შავი ძაძებიდან სულში…
დადიან ჩუმად, არ ლოცულობენ და ნელ-ნელა ლაპარაკსაც ივიწყებენ.

შერცხვენილები დაყვებიან მფარველი ანგელოზები, რომ ვერ დაიფარეს მათი შვილები…
არაფერს აკეთებენ… უბრალოდ აცილებენ სასაფლაოდან სახლში, სახლიდან სასაფლაომდე შვილმკვდარ დედებს…
დგებიან ცრემლებმომარაგებული დედები და იცმევენ ძაძებს.
მეზობელს ეუბნებიან მხოლოდ გამარჯობას და ნახვამდის…

ყიდულობენ თეთრ ყვავილებს და გული მხოლოდ სასაფლაოსკენ მიუწევთ.
უცრემლოდ დაიტირებენ შვილებს, დაპირდებიან მეორე მზის ამოსვლაზე ისევ მოვალთო და დაადგებიან ცარიელი გულით ცარიელი სახლისაკენ გზას.
ღეჭავენ ტკივილს და უსუსურობას ლაგამივით…
დადიან და სიკვდილით იმშვიდებენ თავს…
დღეს თუ არა ხვალ… ხვალ თუ არა ზეგ…
… … …
არ ჰყავთ შვილები და მაინც დედები ჰქვიათ…
ერთადერთი შვილმკვდარ დედებს არ ეშინიათ სიკვდილის…”