სოფიკო ჭიაურელი – პროფესიაზე უკიდეგანოდ შეყვარებული მსახიობი

სოფიკო ჭიაურელი - პროფესიაზე უკიდეგანოდ შეყვარებული მსახიობისოფიკო ჭიაურელი თავის პროფესიაზე უკიდეგანოდ იყო შეყვარებული და ამას მოწმობს ისიც, რომ საგრიმიოროში შესვლისას სულ სხვა ადამიანად იქცეოდა.

მისი ცხოვრება სიუპრიზებით და მოულოდნელობებით იყო სავსე. პირველი სიურპრიზი კი მისთვის საკუთარი თავისთვის სახელის დარქმევა აღმოჩნდა.

როდესაც სოფიკო ჭიაურელი დაიბადა, მისი მამა მოსკოვში იყო. მსახიობის ძმებმა მიხეილ ჭიაურელს ტელეგრამა გაუგზავნეს, დაიკო გაგვიჩნდა და უშენოდ სახელს ვერ ვარქმევთო. სოფიკო ჭიაურელი 21 მაისს – წმინდა ელენეს ხსენების დღეს გაჩნდა, დედას სურდა ახალშობილისთვის ელენე დაერქმიათ, მაგრამ მამამ თქვა, მინდა დედაჩემის სახელი სოფიო დავარქვათო. როდესაც მშობლები ვერ შეთანხმდნენ, მამამ დაჭრა პატარა ფურცლები, დააწერა სახელები ელენე და სოფიო, ჩააგდო ქუდში, ჩააყოფინეს ერთი თვის ბავშვს პაწაწინა ხელი და როცა ამოიღო ფურცელი, ამოყვა სოფიო. ასე დაერქვა სოფიკო ჭიაურელს სახელი.

მსახიობი განებივრებული იყო პრემიებითა და ჯილდოებით. ის გახლდათ ერთადერთი მსახიობი საბჭოთა კავშირის დროს, რომელმაც შვიდჯერ მიიღო ჯილდო “ქალის საუკეთესო როლისთვის” სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, თვალცრემლიანმა თქვა: ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის:

“სოფიკო გიჟდებოდა თავის პროფესიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მსახიობობისთვის შექმნა ღმერთმა ეს ადამიანი. ხანდახან ისე ცუდად იყო, წარმოუდგენელი იყო მისი სცენაზე დადგომა, მაგრამ გრიმს როგორც კი გაიკეთებდა, სულ სხვა სოფიკო ხდებოდა. სპეციალურად ჩავყოლილვარ თეატრში და მიყურებია, მაინტერესებდა, საშინლად დაღლილი როგორ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ზღვა სიამოვნებას იღებდა თავად და ასევე სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს,” – იხსენებს მისი შვილიშვილი ნატაშა შენგელაია.