დათა თავაძე: “ნუ გავიმეორებთ ძალიან ძველ შეცდომებს!”

დათა თავაძე: "ნუ გავიმეორებთ ძალიან ძველ შეცდომებს!"– არა უშავს, თუ მაყურებელს ცოტა გვეშინია იმის, რასაც ვხედავთ და ოდნავ ეწინააღმდეგება ჩვენს შინაგან რწმენას ის, რასაც ვუყურებთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები და ფიქრი დავიწყოთ, – აცხადებს რეჟისორი დათა თავაძე და იმ ინიციატივას აპროტესტებს, რომლითაც ხელოვნების ჩარჩოებში მოქცევა სურთ:

“ალბათ, არ უნდა მტკიცება, რომ “ტროელი ქალები” არ “ქადაგებს ომსა და ძალადობას”. სულ პირიქით. არადა იყო შემთხვევა, როცა აღშფოთებული მაყურებელი წამოხტა შუა სპექტაკლზე, რაღაც დაიყვირა, ხმაურით გავიდა და მერე ფოიეში ჩხუბობდა: “რა დროს ეს არის! იმის მაგივრად მშვიდობისკენ მოუწოდებდეთ ხალხს, იმის მაგივრად შერიგებისკენ დგამდეთ ნაბიჯებს…” და ა.შ. მან ჩათვალა, რომ ჩვენ “შურისძიებისკენ მოვუწოდებდით საზოგადოებას”, “ვქადაგებდით ომსა და ძალადობას”…

ასე წაიკითხა, იმიტომ რომ წაკითხვა არ შეუძლია და ახალი კანონპროექტის მიხედვით, მას შეეძლება აგვიკრძალოს ამის კეთება.

როცა “ტკივილი არის ახალგაზრდობა” დავდგით, ერთმა ძალიან ზრდილობიანად მითხრა: “თქვენ ხართ ავად!” იმიტომ, რომ უკანმოუბრუნებელი ჰომოფობია…

და ახალი კანონპროექტის მიხედვით, მას შეეძლება აგვიკრძალოს “გარყვნილების” პროპაგანდა.
სწორედ ასეთ მომენტებში, როცა “ფრეკენ ჟულიში” ვეკითხებით მაყურებელს: “მოგწონვარ?” და ისინი გვპასუხობენ: “არა, არ მომწონხარ!”, ან როცა აფიშებზე გვიწერენ “მოგი..ანთ ფემინიზმი ყ…ბოო”.

ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ: ძალიან ბევრს ვკოცნით ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ერთ ხელში ორმოცდაათ ღერ სიგარეტს ვიჭერთ და ყველას ვეწევით, სიგარეტის ბოლს ვაწვდით ერთმანეთს პირიდან პირში, ანთებულ სიგარეტს ერთმანეთს ენებზე ვაწვავთ და მერე ამ ენებს ვუკოცნით ერთმანეთს, სამ მეტრიან კიბეებზე ვქანაობთ მაყურებლის თავზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, როცა ნებისმიერ წამს შეიძლება მოვკვდეთ და მაყურებლიც თან გავიყოლოთ და იქამდე ვეხეთქებით სცენაზე, სანამ კისრის მალა არ გაგვიტყდება – სცენაზე მოწევის ამკრძალავმა კაცმა რო თქვა “მათლა ხომ არ სვამთ სცენაზეო, მაშინ მართლა რატომ ეწევითო?!” – მართლა ვეწევით და მათლა ვსვამთ…

და ახლა რა, ვეცადოთ არაფერი დავაშავოთ, ყოველი სპექტაკლის წინ წნევა გავიზომოთ და კარგად მოვიქცეთ, იმის შიშით – ვინმემ მოწევის პროპაგანდაში, პორნოგრაფიის პროპაგანდაში და ძალადობისკენ წაქეზებაში არ დაგვდოს ბრალი ერთ დღეს და არ დაგვხუროს?

ერთდროულად მახსენდება ფოთის თეატრის “ხალხის მტერზე”, “მკვდარ ქალაქებზე” ატეხილი აჟიოტაჟი, [რაღა დავმალოთ და პოლიტიკური სკანდალები] და იქვე კანონპროექტის თანაავტორიც.

ხელოვნების ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალნაირად. ნუ გავიმეორებთ ძალიან ძველ შეცდომებს, ისევ ნუ ავკრძალავთ “ჯაყოს ხიზნებს”… არა უშავს, თუ მაყურებელს ცოტა გვეშინია იმის, რასაც ვხედავთ და ოდნავ ეწინააღმდეგება ჩვენს შინაგან რწმენას ის, რასაც ვუყურებთ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები და ფიქრი დავიწყოთ.

ჰაინერ მიულერი ამბობდა თეატრზე: “ვეფხვს გალიაში უყურებ და რატომღაც შენს ზურგსუკან გგონია”…

ასეთი ზოოპარკია…”