სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილზე

სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილზე ხშირად გაიგებთ, რომ კოტე მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა და ეს სრული ჭეშმარიტებაა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული თეატრი სულ სხვა ეტაპზე გადავიდა.

სესილია თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობას ასე იხსენებდა:

“მარჯანიშვილს სასტიკად არ უყვარდა, როდესაც გენერალური რეპეტიცია კარგად მიდიოდა, როგორც კი შეატყობდა, რომ რეპეტიცია კარგად დაიწყო, ის ხდებოდა მოუსვენარი, მოძრავი, ნერვიული, უმიზეზოდ დაიწყებდა ღელვას, ხან უდანაშაულო მსახიობს, ან გამნათებელს დაუწყებდა ყვირილს და გაბრაზებული გაიქცეოდა რეპეტიციიდგან.

სანამ დოდო ანთაძე მოლაპარაკებას აწარმოებდა მასთან, რეპეტიცია შეჩერებული იყო და დაბნეულ მსახიობებს ვერ გაერკვიათ რაში იყო საქმე. დიდი ხვეწნით და მუდარით ის ბრუნდებოდა რეპეტიციაზე. ამ ინსცენირებას აკეთებდა ხშირად იმიტომ, რომ მას სწამდა – თუ გენერალური რეპეტიცია კარგად ჩატარდებოდა, პრემიერა უსათუოდ ჩაფლავდებოდა.

მაგრამ პრემიერის დღე იყო არნახული უქმე თეატრში. ის იყო გარეგნულად სრულიად დამშვიდებული, წარმოდგენის შემდეგ შემოვიდოდა კულისებში, არ დატოვებდა არც ერთ მსახიობ, ჩამცმელებს, მუშებს, ორკესტრს, ყველას ულოცავდა წარმატებას და მადლობას უხდიდა ყველას. ჩვენ გვქონდა ისეთი გრძნობა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს წარმოდგენა, რომ მარჯანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. არასდროს პრემიერის დღეს არცერთ შენიშვნას არ მისცემდა მსახიობს, რა გინდ სუსტი ყოფილიყო ის და ჩვენ მივდიოდით სახლში ბედნიერნი, დამშვიდებულნი, ასე გვეგონა, რომ ჩვენ ვიყავით რაც ვიყავით, რომ ჩვენზე კარგი მსახიობები არ არსებობდა.

მაგრამ მეორე დღეს როცა შეგვკრიბავდა წარმოდგენის გასარჩევად, მაშინ როგორც იტყვიან, ქვას ქვაზე არ გვიტოვებდა.”