საყურადღებო ცნობები ზვიად გამსახურდიას ნაშრომში “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”

საყურადღებო ცნობები ზვიად გამსახურდიას ნაშრომში "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება"შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” არაერთი მეცნიერისა თუ მკვლევარის სერიოზული თავსატეხია. ისინი საუკუნეებია ცდილობენ ამ პოემის გაშიფრვას.
კოკა ბრეგაძეს მიაჩნია, რომ ეს ყველაზე კარგად შეძლო ზვიად გამსახურდიამ თავის საეტაპო ნაშრომში “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”:
“მოგეხსენებათ, რუსთველის ზოგიერთ კომენატატორს კლავს ვნება, “ვეფხისტყაოსნის” გეოგრაფიაში მაინცდამაინც თანამედროვე რეალური გეოგრაფიული ადგილები ამოიკითხოს: ასე მაგალითად, “მულღაზანზარი” თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაა, “ხატაეთი” – შუააზიაა, ან ყაზახეთი, “გულანშარო” – ვენეცია და ა. შ.
არადა, ზვიად გამსახურდიამ თავის საეტაპო ნაშრომში “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” (1991) მართებულად მიუთითა, რომ “ვეფხისტყაოსნის” გეოგრაფიული ადგილები სიმბოლურ-ალეგორიული ტოპოსებია და სულიერი სივრცის, ცნობიერების კონდიციის, შემეცნებითი მეთოდოლოგიის ალეგორიული განსახიერებანი, რომ რუსთველთან წმინდად სიმბოლური გეოგრაფიაა მოცემული.
მაგრამ თუ მაინცდამაინც იმ ზემორე კომენტატორების გეოგრაფიული წიაღსვლების ხაზს გავაგრძელებთ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსთველის “ქაჯეთი” აშკარად “საქართველოა”, ხოლო “ქაჯნი” – “ქართველები”, რამეთუ ქაჯეთის სივრცესა და ქაჯების ხელში ყოველგვარი კეთილშობილური მაღალი იდეა, უმაღლესი სულიერება (შდრ., “ნესტანი”, როგორც საკრალურობის სიმბოლო) იმთავითვე მარგინალიზდება, პროფანირდება, ირყვნება და გაბახებულია, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოსა და ქართველების ხელში: საქართველოს თუნდაც ბოლო მეოთხედი საუკუნის ისტორიას რომ გადავხედოთ, იგივე ვითარებაა – აქაც ხომ ყოველგვარი წმინდა რამ მაღალი იდეა და საკაცობრიო მიღწევა (მაგ. ქრისტიანობა, დემოკრატია, პარლამენტარიზმი, რესპუბლიკანიზმი, არჩევითობა და ა. შ.) შერყვნილი და გაბახებულია.
ამადაც, რუსთველმა ჯერ კიდევ “ოქროს ხანაში” იგრძნო ქართუელთა ეს ქაჯური მენტალური კონდიცია და ქაჯური ბიჰევიორი, ანუ ქცევის თავისებურებანი – სიშლეგე, უგუნურება, გაუნათლებლობა, ამპარტავნება, გონებრივი სიხისტე, ცრუ-მწიგნობრობა, ყოვლისმცოდნეობასა და ყოვლისშემძლეობაზე პრეტენზია, უტიფრობა, ბრექვა, მანიაკალური მედიდურობა, სხვისთვის ანგარიშის გაუწევლობა, შური, ბოღმა, რაიმეს გაფუჭების გაუნელებელი ვნება და ა. შ.
“ყოლიფერი კაი დაგემართოსთ…”