სანდრო ელოშვილი: “რატომ არ უნდა აღნიშნოს საქართველომ 9 მაისი”

სანდრო ელოშვილი: "რატომ არ უნდა აღნიშნოს საქართველომ 9 მაისი"1945 წლის 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღეს ზეიმობს საქართველოც, თუმცა რეჟისორი სანდრო ელოშვილი აცხადებს, რომ საქართველომ 9 მაისი არ უნდა აღნიშნოს:

“შევეცდები ავხსნა თუ რატომ არ უნდა აღნიშნოს საქართველომ 9 მაისი:

1. პირველ რიგში, იმათ ვუპასუხებ, ვინც ამბობს, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, გერმანიამ 1945 წლის 8 მაისს, ბერლინის ერთ–ერთ რაიონში, კარლჰორსტში ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. გამომდინარე აქედან, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისია და არა 9, შესაბამისად ამ დღის აღნიშვნით ჩვენ მხოლოდ საბჭოთა ე.წ. წითელი არმიის დღეს ავღნიშნავთ, იმ არმიის, რომელმაც საქართველოს ანექსია მოახდინა 1921 წელს, იმ არმიის, რომელმაც 1956 წელს 9 მარტი მოგვიწყო, 89 წელს 9 აპრილი და ა.შ… ასე რომ, ისაც საკითხავია ფაშისტური გერმანიის დამარცხების აღნიშვნასთან ერთად ხომ არ ვიგლოვოთ კიდეც ქართველებმა ჩვენთვის ყველაზე დიდი მტრის (ჩემი სუბიექტური აზრია და შენიშვნებს არ მივიღებ ამასთან დაკავშირებით) მონსტრ “დერჟავად” გადაქცევა?!

2. ახლა რაც შეეხება წითელ არმიას, რომელშიც სხვათაშორის ჩემი დიდი ბაბუა, მამაჩემის ბაბუა მსახურობდა და თან მაინცდამაინც არა რიგითად… ჩვენ ვცდილობთ ჩვენს წინაპრებს პატივი ვცეთ და რადგან ისინი მსახურობდნენ საბჭოთა არმიაში, ვიყოთ “მსუბუქები” ჩვენს სათქმელში და ამ დროს ვივიწყებთ მთავარს, რომ ამით ჩვენს იმ წინაპრებს არ ვცემთ პატივს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავდნენ წითელი არმიისგან და მერე მათ დიდ ორმოებში ერთად მარხავდნენ (რა კულტურულად ვთქვი “მარხავდნენ”…)

პ.ს. ვაკის პარკში დიიიდიიი “პამიატნიკი” რომ გვიდგას უცნობი ჯარისკაცის, რომელსაც წინ წითელი არმიის “საგმირო” საქმეებს მარადიული ცეცხლი არ აძლევს დავიწყებას, იქვე ახლოს ვაკის პარკის ტუალეტები (ახლა აღარ ვიცი არის თუ არა) რომ იყო 1923 წლის 20 მაისს იმავე წითელმა არმიამ (როგორც ასეთი კრებითი სახელი) დახვრიტა: გენერალი კონსტანტინე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრი სიმონ მუხრან-ბატონი, როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენანტი ლევან კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელეები: მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე და შემდეგ ზემოდან ტუალეტებიც დააშენეს.

3. ისტორიაში ხშირად გვხვდება, როგორ იბრძოდნენ ქართველები სხვისთვის, უცხო არმიებში, ისინიც ვიღაცეებს ამარცხებდნენ და ისინიც ვიღაცის ან რაღაც ინტერესებს იცავდნენ. რატომ არ ავღნიშნავთ ნადირ–შაჰის ინდოეთზე გალაშქრებას? ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის განთავისუფლებას? საწყალი ქართველი მამლუქები როგორ აწყდებოდნენ ნაპოლეონს ეგვიპტეში? ვინ დამაჯერებს, რომ დავუშვათ ველისციხიდან რომ ომში წავიდა კაცი, იმას რუსეთი (საბჭოთა კავშირი) საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და მოსკოვი მშობლიურ დედაქალაქად? ასე რომ ის საწყალი ხალხი ჩემთვის ზუსტად ისეთივე მამლუქები იყვნენ როგორებიც “ხვიჩა And გოჩა”…

აქაც პ.ს. ჩემთვის მაზნიაშვილის ბრძოლა თურქებთან (1921/03/18) უფრო ძვირფასია… დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა.

ამიტომ ბოდიშის მოხდით – მე ვერ ვზეიმობ 9 მაისს! თუკი ვინმე იტყვის, რომ ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ “შინმოუსვლელებს”… კი ბატონო, მაგრამ მაშინ ყველა მოვიგონოთ… ქართველიც, გერმანელიც, რუსიც, ფრანგიც, იაპონელიც… ჯერ ერთი იმიტომ, რომ 62 მილიონი (ოფიციალურად) ადამიანის სიკვდილი, ვფიქრობ, ყველა ქვეყნის, ყველა რელიგიის, ყველა ადამიანის და სამყაროს ტრაგედიაა და მეორე იმიტომ, რომ “წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა…”

მაგრამ 9 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს, მე არ ვზეიმობ!!!”