რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობა

რეზო თაბუკაშვილის დაუჯერებელი გმირობაალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეჟისორმა, მწერალმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა რეზო თაბუკაშვილმა საქართველოში ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენა, რაც მაშინ ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო.

ბატონი რეზო თვენახევარი ელოდებოდა პასუხს, მისცემდნენ თუ არა უფლებას მიხეილ თამარაშვილი საქართველოში დაესაფლავებინა.

ამ თემასთან დაკავშირებით რეზო თაბუკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

“…ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვენახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება დასაფლავებისა, საუბარია მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენებაზე. კუბო დამალული მქონდა. იყო საშიშროება, რომ უბრალოდ მოიპარავდნენ. მერე იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგა. რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება? ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ცეკას ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო: თაბუკაშვილმა ცეკას კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ, დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება რობაქიძე მოგაყენოთ კარზეო…”

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კი ამ ამბავს ასე იხსენებდა:

“მახსოვს, როდესაც თამარაშვილის ცხედარს იტალიიდან საქართველოში მოასვენებდა, რეზოს ასეთი ამბავი შეემთხვა: თვითმფრინავის სალონში ცხედრის შეტანის უფლება არ მისცეს და საბარგო განყოფილებაში გააგზავნეს.
– თამარაშვილი საბარგო განყოფილებაში როგორ ჩავაბარო?! – გაიკვირვა რეზომ და ერთი ამბავი ატეხა.
– მამაა მისი? – იკითხეს მისულმა პოლიციელებმა.
– არა, – უპასუხეს.
– ძმა არის?
– არა.
– აბა, ვინ არის?
– მეცნიერია, დიდი ქართველი, – იყო პასუხი.
– როგორ, მისი არაფერია და მაინც არ ჰკადრებს საბარგო განყოფილებას! მაშინ ჩვენ შევიტანთ სალონში, – თქვეს გაკვირვებულმა პოლიციელებმა.”