ირმა გიგანი: “გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!”

ირმა გიგანი: "გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!"– ვინაიდან ვარ მუსიკოსი, ძირითადი აქცენტი ბუნებრივია, ცოდნიდან გამომდინარე, ამ სფეროზე მექნება, თუმცა ყველას ეხება, – აცხადებს პიანისტი ირმა გიგანი:

“გამარჯობა.
მე მქვია ირმა გიგანი.
ვარ პიანისტი.
22 წლის. ამ თაობის ერთ-ერთი წევრი, წარმომადგენელი.
შევეცდები ბევრი არ ვწერო, უბრალოდ დავიწყებ.
ვინაიდან ვარ მუსიკოსი , ძირითადი აქცენტი ბუნებრივია ცოდნიდან გამომდინარე ამ სფეროზე მექნება, თუმცა ყველას ეხება.

რაღაცეები მინდა დაგანახოთ თუ არ ჩანს…
ჩემი ძალიან მაგარი თაობის მუსიკოსები, (ნებისმიერი ჟანრის) ყველაზე ნიჭიერები, მაგრები, მშრომელები, ჭკვიანები, საინტერესოები, პროფესიაზე სიგიჟემდე შეყვარებულები, მცოდნეები და უბრალოდ ძალიან კარგები აქ იხრჩობიან – უმუშევრობის, უფულობის, გაჭირვების, დაუფინანსებლობის, სიღარიბის, დაუფასებლობის გამო.
მსმენელს უყვართ ძალიან –
როგორ მსმენელს?
მუსიკაზე შეყვარებულებს, პროფესიის ერთგულებს, უმუშევრებს, ძალიან მაგრებს, ნიჭიერებს, მელომანებს, მუსიკოსებს (ან არა მუსიკოსებს) რომლებსაც 25 ლარიდან 150 ლარამდე (თვეში) აქვთ ხელფასი, სახლის გარეშე დარჩენილებსაც და უბრალოდ ადამიანებს მოკლედ, ჩვენს მოქალაქეებს.
ამ სიყვარულით თანაარსებობენ. ეს დიდი საჩუქარია და ყველაზე დიდი მადლობა მათ.

აბა ახლა მოვიხედოთ…
თუ მოახერხეს გასვლა ქვეყნიდან, არაა საჭირო ჩამოთვლა რამდენმა გაიბრწყინა ისიც სხვისი დაფინანსებით, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ვერ…
აბა წავიდა “კაფე”, “რესტორნები”, გარეთ დაკვრა და ბოლოს – სააადმეეე დაკვრა.
სანამ დაბერდები და მერე რომ დაბერდები 100 ლარი თვეში ხელფასი.
წარმოგიდგენიათ რა ხდება თაობაში თუ ვერა?
მე მინდა გითხრათ, რომ ფული ემოციური თვალსაზრისით შორს დგას “გაგიჟებული” მუსიკოსისთვის, ერთგული მუსიკოსისთვის, მაგრამ – იმის გარდა, რომ საარსებოდ აუცილებელია, როცა ნიჭს ეხება საქმე არ ასვენებს ადამიანს, გადმოფრქვევაზეა, ნიჭია ხვდებით? და ლოგიკურია დიდ ნიჭს თუ გასაქანს მისცემ, ანაზღაურებაც მოჰყვება, ადამიანსაც და ქვეყანასაც. მაგას რა ჯობია? ჩვენი ქვეყნისთვის აბა უკეთესი რა არის? ცოდვაა გამოუყენებლობა!!! და ამ თაობაში ეს ნიჭია, დევს ისევე, როგოც სხვა მაგარ თაობებში. ჩვენ გვყვანან გენიოსები წინა თაობაშიც და ახლაც უამრავ სფეროში.
ჩვენს თაობას ნუ მოიხსენიებთ აგდებით! ჩვენ როგორც კი გავდივართ ქვეყნის გარეთ მერე ჩვენი სახელი გესმით საქართველოში და ჩვენ ვყვირით საქართველოს შესახებ! მე ვუკრავ საქართველო-დან!!! მე (ჩვენ) ვარ ქართველი და მე ასე მიცნობენ სხვაგან.

მთავრობები, მთავრობები, მთავრობები… გავიგეთ!!!
გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ! მთავრობავ, სახელმწიფო!
აქ ვართ!!! გვამყოფეთ შესაფერისად! გვასწავლეთ რა! გვამუშავეთ!

პ.ს. 1.ბარიგობა ძალიან ცუდია, დასაგმობია, მკვლელობაა.
2.ვემხრობი გუშინდელი აქციის სულისკვეთებას და შინაარსს! (რომელიც არავითარ შემთხვევაში ბარიგების დასაცავად არ იყო)
3. სპეცრაზმის შევარდნა ამ რაოდენობით ეს იყო ერთი დიდი ტყუილი და სპექტაკლი. ცუდი იყო. ბევრი ეძებეთ მკვლელები და მომპარავები მთავრობაში და გააკონტროლეთ ბაზარი, სანამ ეს საწამლავი შემოვა და ჩაიხოცებიან ბავშვები. ნუ შემოგაქვთ ქვეყანაში ეს უბედურება!
ვისაც მოგესურვებათ გააზიარეთ, მხატვრებო, მსახიობებო, მუსიკოსებო, ყველას ეხება.

და აქვე,
სიყვარულით გეპატიჟებით ჩემს სოლო კონცერტზე 22 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მალე დავდებ აფიშას.
დიდი მადლობა.
მიყვარხართ.”