12 მაისი, 2018

ნათია ფანჯიკიძე: “ახალი თაობის მოსაწონ მუსიკას არასდროს არ უნდა ებრძოლო”

ნათია ფანჯიკიძე: "ახალი თაობის მოსაწონ მუსიკას არასდროს არ უნდა ებრძოლო"– მუსიკა სამყაროს ის უნივერსალური ენაა, რომელიც ერთი მხრივ უთარგმნელად ესმის ყველას და ამავე დროს საკრალური საიდუმლოს მსგავსი რამაა, რომელსაც ყველა ვერ აღმოაჩენს, – აცხადებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მშობლებს – მამას, მწერლ გურამ ფანჯიკიძეს და დედას მთარგმნელ დალი ფანჯიკიძეს იხსენებს:

“მამაჩემი გიჟდებოდა კლასიკურ მუსიკაზე, ჯაზზე, ქართულ და არამარტო ქართულ ფოლკლორზე. მუსიკაში ბრწყინვალედ ერკვეოდა, მაგრამ უფროსი თაობის ტრადიციისამებრ, ირონიულად უყურებდა ჩვენს გატაცებას იმდროინდელი თანამედროვე მუსიკით.

ერთხელ ტელევიზორში პინკ ფლოიდის კონცერტი გადიოდა. რა თქმა უნდა, აღდგომის წინა დღეები იქნებოდა, აბა სსრკ-ში სხვა დღეებში უცხოურ მუსიკას არ გვასმენინებდნენ. ღმერთზე და მსგავს სიგლახეებზე რომ არ გვეფიქრა, ჩაგვინაცვლებდნენ ტელევიზიით გადმოცემული კონცერტით. გადართე საინფორმაციოზეო, მოიცა რა, ეს მაგარი ჯგუფია-მეთქი, ვუპასუხე, არადა იმ დროს პინკ ფლოიდი მოსმენილიც არ მქონდა, სხვებისგან გამეგონა და ვიმეორებდი, მაგრები არიან-მეთქი. მამაჩემმა ისევ ირონია გამოხატა, მაგრამ გადართეო არ გაუმეორებია, გაზეთის კითხვა დაიწყო. გავედი და ცოტა ხანში ოთახში რომ დავბრუნდი, მამა ჩაძირული დამხვდა მუსიკაში. ესენი მართლა სერიოზული მუსიკოსები ყოფილანო, მითხრა.

ქართულ რეალობაში დედამ აღმომაჩენინა ირაკლი ჩარკვიანი და არა პირიქით. ჩარკვიანის “საქართველოს” გადმოსცემდნენ, – ეს ბიჭი საინტერესო მუსიკოსიაო.

როგორ მენატრებიან ორივე, დედაც და მამაც.

ყოველ დროში და ეპოქაში უფროს თაობას უმეტესად არ მოსწონს მუსიკა, რომელსაც ახალი თაობა უსმენს და ზოგჯერ აქტიურ ბრძოლასაც უცხადებენ ხოლმე. არადა, მუსიკა სამყაროს ის უნივერსალური ენაა, რომელიც ერთი მხრივ უთარგმნელად ესმის ყველას და ამავე დროს საკრალური საიდუმლოს მსგავსი რამაა, რომელსაც ყველა ვერ აღმოაჩენს.

ახალი თაობის მოსაწონ მუსიკას არასდროს არ უნდა ებრძოლო, ყურადღებით უნდა უსმინო, იქნებ აღიქვა, რა ხმიანობა აქვს აწმყოს და რა ისმის მომავლიდან.”