9 მაისი, 2018

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეზო ჩხეიძემ თავისი გენიალური ფილმი “ჯარისკაცის მამა” რეალურ ამბავზე გადაიღო.

ფილმის სცენარის ავტორი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია, რომელიც ომში წავიდა, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს.

სწორედ სულიკო ჟღენტია გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი, რომელიც თავისი გმირისგან განსხვავებით, ომიდან ცოცხალი დაბრუნდა.

ომის წლებს სულიკო ჟღენტი ასე იხსენებდა:

„ვფიქრობდი, აი, სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები და ბედნიერი ვიქნები. მერე სტუდენტი რომ გავხდი, ვფიქრობდი, – აი, ინსტიტუტს რომ დავამთვრებ, ბედნიერი ვიქნები. ამასობაში ომი დაიწყო. ვფიქრობდი, აი, გავიმარჯვებთ, შევუდგები მშვიდობიან ცხოვრებას და ბედნიერი ვიქნები… თურმე მაშინ ვიყავი ბედნიერი, როცა ვსწავლობდი, როცა ვომობდი და ახალგაზრდა ვიყავი… ამას ახლა ვხვდები…

…ახალგაზრდა ბიძაშვილი მყავდა, მამამისი 1937 წელს დახვრიტეს, ის იყო ჩემი მფარველი, ბავშვობაში თუ რაიმე გამიჭირდებოდა, ამირანს ვუხმობდი-ხოლმე, ომის დაწყებამდე გარდაიცვალა, მოულოდნელად გული გაუჩერდა…

პირველად რომ დავიჭერი, სამედიცინო ნაწილში გავრბოდი, რომ მიმესწრო. ამ დროს გერმანელებმა საარტილერიო მომზადება დაიწყეს – ერთი საათის განმავლობაში ცა და მიწა ირყეოდა, იმდენად ახლოს სკდებოდა ყუმბარები, რომ ჰაერის ტალღა აქეთ-იქით მისროდა, მერე რომ ვიხსენებდი, ანგარიშმიუცემლად გავყვიროდი ხმამაღლა: „ამირან, მიშველე! ამირან, გადამარჩინე!..“ იქიდან ცოცხლად გამოსვლა წარმოუდგენელი იყო, დარწმუნებული ვარ, მან გადამარჩინა…

რომ ამბობენ: „მე ჩემი ვალი პირნათლად მოვიხადეო!“ არავის მოუხდია თავისი ვალი პირნათლად. ეს ყალბი გამოთქმაა. ვალს რა მოიხდის? თუნდაც ის, რომ ღმერთმა გაგაჩინა და ერთი მზიანი ან წვიმიანი დღე გაჩუქა, ისეთი გადაუხდელი და ენით აუწრერელი ვალია – სიცოცხლით სავსე ერთი დღე…“