11 აპრილი, 2018

გალაკტიონ ტაბიძე და გოგლა ლეონიძე – სულიერი მეგობრების საოცარი ისტორია

გალაკტიონ ტაბიძე და გოგლა ლეონიძე - სულიერი ძმების საოცარი ისტორიაგალაკტიონ ტაბიძე და გოგლა ლეონიძე სულიერი მეგობრები იყვნენ. გალაკტიონს ბევრი ერჩოდა, გოგლა კი მას ყოველთვის იცავდა.

“არტინფო” გთავაზობთ გალაკტიონის მძღოლის მოყოლილ ისტორიას, რომელიც მათ გულწრფელ ურთიერთობაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

გოგლა ლეონიძეს ერთხელაც არ წამოსცდენია – გალაკტიონი ლოთიაო. როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, ის წამოდგა და თქვა: – დავუშვათ გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო?

ვიღაცამ დაიძახა: – უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირიო.

გოგლას გაეცინა და თქვა: მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ – ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათო.

ირაკლი აბაშიძე ამდგარა, თემა დახურულია, ვერდიქტი გამოტანილია, გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო. გოგლას გაუგრძელებია რომც გარიცხოთ რა უნდა წაართვათ გალაკტიონს, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის ხოლმე. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს და გალაკტიონი გალაკტიონად დარჩება, ჩვენ ვიკითხოთ მერე, მაგის ხელნაწერები კი ხელიდან ხელში გადავა ხალხში. არადა, დავუშვათ, გავრიცხეთ, უკეთესი ვინ უნდა მივიღოთ, იქნებ მითხრას ვინმემო, ამით დაუმთავრებია გოგლას.

მართლა ძალიან უყვარდა გოგლა გალაკტიონს კახეთში თუ თბილისში, არ მახსოვს პურმარილი გაეკეთებინოს და გალაკტიონი არ დაეპატიჟოს. გალაკტიონიც პატივს თავისებურად სცემდა – სხვისი პურმარილი სულ ფეხებზე ეკიდა, დათვრებოდა დილიდან, მთვრალი მიდიოდა და აურევდა კიდეც.

გოგლა რომ დაპატიჟებდა იმ დღეს არ სვამდა, იძახდა ჩემ გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდე, სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა რომ ნასვამი მივიდეო.”

არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე – ისინი სულიერი მეგობრები იყვნენ.