ნიკოლოზ რაჭველი: “ეს ის ორკესტრია, ვისაც წამებით მოუკლეს მთავარი დირიჟორი”

14 აპრილი, 2018

ნიკოლოზ რაჭველი: "ეს ის ორკესტრია, ვისაც წამებით მოუკლეს მთავარი დირიჟორი"– დიახ, ეს ის ორკესტრია, ვისთვისაც საქველმოქმედო ფონდებს და მათ შორის “ქართუს” არც ხელფასები და პრემიები დაურიგებია, არც ინსტრუმენტები შეუძენია და არც დარბაზი გაურემონტებია, – აცხადებს დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გერმანულ წარმატებაზე საუბრობს:

“როდესაც სიმფონია დავასრულეთ და გარინდებული ფინალური პაუზის დროს ელბ-ფილარმონიის სცენაზე მყოფ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს თვალი გადავავლე მივხვდი, რომ დიდებულ ადამიანებთან მაქვს ყოველდღიური შეხება, მუსიკოსებთან, რომლებიც თავიანთ სამშობლოში ყველაზე უპირობო მდგომარეობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაამკვიდრონ მაგალითი, თუ როგორ უნდა ისწრაფვოდე პროფესიული სრულყოფისკენ, თუ როგორ უნდა გამოიმუშავო მოტივაცია, თუ როგორ უნდა მოინდომო მაქსიმუმი შენი ქვეყნის საერთაშორისო სარბიელზე წარმოსაჩენად.

დიახ, ეს ის ორკესტრია, ვისთვისაც საქველმოქმედო ფონდებს და მათ შორის “ქართუს” არც ხელფასები და პრემიები დაურიგებია, არც ინსტრუმენტები შეუძენია და არც დარბაზი გაურემონტებია, ეს ის ორკესტრია, რომელიც 95 წლიანი ისტორიის მანძილზე მუდამ პირისპირ ეჯახებოდა უსამართლობას, ვისაც წამებით მოუკლეს მთავარი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ვინც უსამართლოდ გამოაძევეს მათივე საკონცერტო დარბაზიდან 90-იან წლებში, ხოლო მათი სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსი მაჭავარიანის უზარმაზარი დამსახურებით მათთვის აშენებულ ფილარმონიაში დღეს ორკესტრს უზარმაზარი საიჯარო თანხის გადახდა სჭირდება კონცერტი რომ გამართოს.

ეს ის ორკესტრია, რომელიც ყოველთვის თავდაცვით რეჟიმში ექცევა პოლიტიკური წყობილებების ცვლებისას, ეს ის ორკესტრია, ვისაც 21-ე საუკუნეში რეპეტიციებზე ხან გაუსაძლისად სციოდა, ხან აწვიმდა, ხან ჭერიდან ჩამოვარდნილ ქვის ნატეხებს იგერიებდა, ხან ელემენტარული, სხვების დარი ხელფასების მოპოვების მიზნით კულტურის მინისტრების მანქანებს ფეხით მისდევდა.

ეს ის ორკესტრია, ვისაც დღემდე სჭირდება ბრძოლა პირობებისთვის, ორკესტრი, რომელიც ჰამბურგის უზარმაზარ და განთქმულ დარბაზში წარადგინა პატარა, უაკუსტიკო, უროიალო, უმასშტაბო და სეისმურად საშიშ ოთახში მომზადებული საკონცერტო პროგრამა, მაგრამ ამავდროულად, ეს ის ორკესტრია, რომელიც თავისი სიმფონიური თუ სახალხო პროექტებით ძალიან უყვარს თავის პუბლიკას, ქართველ ხალხს, ორკესტრი, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის მუსიკოსები, ორკესტრი, რომელთანაც უპირობოდ თანამშრომლობენ და გულშემატკივრობენ საერთაშორისო სარბიელზე აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ორკესტრი, რომლის კარი ღიაა ახალგაზრდა დირიჟორებისათვის, კომპოზიტორებისათვის, სოლისტებისთვის.

ეს ის ორკესტრია, რომელსაც ენდობა და რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებს მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ლეგენდა გია ყანჩელი, ეს ის ორკესტრია, რომელსაც სამშობლოში შეუმდგარი და დაუკმაყოფილებელი “ხელოვანები” თუ ყველა დროის გაუნათლებელი ჩინოვნიკები მუდამ აკნინებდნენ და მიუხედავად ამისა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან გვჯერა, რომ ახლოვდება დრო, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მიხედავს მთავრობა, გადაუჭრის უდარბაზობის და უინსტრუმენტობის პრობლემებს, გაითავისებს მის მნიშვნელობას და ღვაწლს ქართული ხელოვნების ისტორიის წინაშე.

და თუ კი ისევ უტოპიური აღმოჩნდა ჩემი იმედები, დავფიქრდებით ღირს თუ არა იცხოვრო და იმოღვაწევო იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო შენი არსებობა, იქ, სადაც შენი ვალდებულებაა გემოვნების და პროფესიონალიზმის შკალა ყოველწამიერად აკონტროლო და ყველაფერი აკეთო, რომ მომავალი თაობა უფრო კულტურული, უფრო ევროპული, უფრო ესთეტური და უფრო განათლებული იყოს.”

 

გააზიარეთ

 
...