თამაზ ჩხენკელი – 9 აპრილი

თამაზ ჩხენკელი - 9 აპრილიპოეტისა და მწერლისთვის თამაზ ჩხენკელისთვის 1989 წლის 9 აპრილი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი დღეა.

ამ სისხლიან დღეს შემოქმედმა ძალიან საინტერესო ჩანაწერი უძღვნა:

“ყველაფერი უცნაურად წარიმართა,
საქართველოს ანექსიის
ასი წლისთავის უკვდავსაყოფად აშენდა
უზარმაზარი, პირქუში “სობორო”…
1921 წლის მარტში ამ ტაძრის ეზოში
საძმო საფლავი გათხარეს, –
მუხლმოყრილნი სტიროდნენ ამ საფლავთან
დასახვეტრად განწირული ჭირისუფლები,
მომხვდურნიც და დამხვდურნიც…
მერე პირქუში “სობორო” დაანგრიეს
და მის ადგილზე სასახლე დადგეს.
9 აპრილს ამ სასახლის მოედანზე
ულმობლად დახოცეს ჩვენი გოგონები,
რომელთა ოცი წლის პაპები
ამავე მოედნის ქვეშ უპატრონოდ ლპებოდნენ მიწაში.
ახლა მათ წაშლილ საფლავზე
ერთბაშად დაგუბდა წითელი ყვავილების ზღვა
იმიტომ, რომ…
იმიტომ, რომ დაგუბებული ვარამის წიაღ,
დაგუბებული ცოფისა და შურის წიაღ
შვილიშვილებმა გაიხსენეს თავისი პაპები.”