ზურაბ ანჯაფარიძე – საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვლილი უდიდესი ტენორი

12 აპრილი, 2018

ზურაბ ანჯაფარიძე - საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვლილი უდიდესი ტენორი – თუ გინდა, გაიგო ანჯაფარიძის არაჩვეულებრივი სიმღერის საიდუმლოება, პირადად უნდა იცნობდე მას და მის შინაგან სამყაროს. მაშინ არ გაგიკვირდებათ მისი დიდი მომღერლობა. მხოლოდ ზურაბისნაირი სულიერი სითბოს მქონე კაცმა შეიძლება გამოსცეს ისეთი ჰანგები, როგორსაც მისი სიმღერისას ვისმენთ, – ასე შეაფასა უდიდესი ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე თავის წიგნში უახლოესმა მეგობარმა ნიკო ხატიაშვილმა და მისი უკანასკნელი დღე გაიხსენა:

“ზურაბმა სიკვდილის წინ სამი რამ დაგვიბარა ანდერძად:

პირველი – დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში არ დამასაფლავოთო. რატომ, ეს თავმდაბლობაა თუ კაპრიზი-მეთქი? არც ერთი და არც მეორე, – მიპასუხა მან. შენ ხომ იცი, როგორი გადატვირთულია ეს სასაფლაო. იქ იმდენი ღირსეული ადამიანია ერთიმეორის მიყოლებით დასაფლავებული, არა მგონია, ჩემთვის ადგილი გამოინახოს. სხვის გულზე დასვენებას კი, ჩემი კაი ძმის გვერდით, ვერის დიდსა და ტევად სასაფლაოზე მირჩევნია ყოფნაო.

მეორე თხოვნა იყო – ოპერიდან არ გამომასვენოთო. ამის თქმამ კიდევ უფრო გამაკვირვა, ვიდრე პირველმა თხოვნამ. მიუხედავად უხერხულობისა, მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ეს საკითხი მის სიცოცხლეშივე უნდა გარკვეულიყო. დრო კი არ ითმენდა, არ ვიცოდით, ხელიდან როდის გამოგვეცლებოდა. თავს ძალა დავატანე და შევესიტყვე, არ გინდა იქიდან გამოსვენება, სადაც მთელი შენი შეგნებული ცხოვრება გაატარე-მეთქი? ხელით მანიშნა, მომიახლოვდიო. მივიწიე მისკენ, ხმას ძალა დაატანა და ნახევრად ლუღლუღით, ყურში ჩამჩურჩულა: არ მინდა, ხალხმა იმ სცენაზე წაქცეული მნახოს, სადაც რამდენიმე ხნის წინ მხნედ დავაბიჯებდიო.
ცრემლი მომერია. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. უცბად წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. სახეზე წყალი შევისხი, ცრემლი მაინც მდიოდა. გაოგნებული დავრჩი და გულში ვიფიქრე: კაცს, რომელიც თავისი ხმის სიძლიერით სასწაულებს ახდენდა, სპექტაკლ „აიდაში” 14-ჯერ თავისუფლად იღებდა ლა-ბემოლს და ბროლის ჭაღებს აზანზარებდა, ახლა ხმის ამოღება უჭირს-მეთქი.

უცბად სიმღერა მოგვესმა, გვეგონა ქუჩიდან შემოდიოდა ხმა, ვიღაცას ალბათ მაგნიტოფონი აქვს ჩართულიო. ზურაბზე არ გვიფიქრია, კაცს ლაპარაკი არ შეეძლო და, აბა, როგორ იმღერებდა. მელოდია გაგრძელდა. შევიხედეთ ზურიკოს ოთახში და ნამდვილად ის მღეროდა კრინით და ტკბილად. ხმა თანდათან სუსტდებოდა, ბოლოს მელოდია დამთავრდა და სიმღერაც შეწყდა… ასე სიმღერით გამოგვემშვიდობა. თავისი საქციელით დაგვანახვა, როგორ კვდებიან ნამდვილი ვაჟკაცები. მას თავისი საყვარელი სიმღერა შეუძღვა საიქიოში…

მესამე თხოვნა იყო – ქელეხი არ გადამიხადოთო. ეს დანაბარები არ აუსრულეს. მე არ მახსოვს, ზურაბი ქელეხზე დარჩენილიყო, თუ ძალიან ახლობლის დაკრძალვა არ იყო. ის კი მახსოვს, როცა მისი ბიძაშვილი გარდაიცვალა, რომელიც ძლიერ უყვარდა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები რესტორნამდე მიიყვანა, იქ დატოვა, თვითონ კი სახლში დაბრუნდა. ამას ასეთ ახსნას აძლევდა: ვერ ვიტან ისეთ სუფრას, სადაც ზოგს ეტირება, ზოგს ეცინება. ჭირისუფალი ცრემლებისგან იხრჩობა, მის გვერდით კი ვიღაც ხმამაღლა ანეკდოტს ყვება და მასავით სულელს აცინებსო. აქ, ზესტაფონელებმა და არგვეთელებმა თავი გამოიდეს: რას ჰქვია, დაიბარა, თავი გინდათ, მოგვჭრათ? ჩვენს საყვარელ მეგობარს, რომელთანაც ერთად ვიყავით ლხინშიც და ჭირშიც, რამეს როგორ მოვაკლებთო და ისეთი ქელეხი გადაუხადეს, რომ ხალხს, რომელიც იქ იყო, დღესაც სალაპარაკოდ აქვს. ოღონდ, ეს სუფრა ნამდვილად ჭირისა იყო – არც ანეკდოტებს ყვებოდნენ და არც იცინოდნენ…”