17 მარტი, 2018

უნიკალური არქეოლოგიური ნივთები საქართველოდან გატანას გადაურჩა

უნიკალური არქეოლოგიური ნივთები საქართველოდან გატანას გადაურჩაუნიკალური არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც საქართველოში პირად კოლექციაში ინახებოდა, ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გატანას გადაურჩა.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ორ უძვირფასეს არქეოლოგიურ ნივთზე გვიამბობს:

“გაიცანით ეს ვაჟკაცი – ის ძველი საქართველოდანაა, კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 7-6 საუკუნეებიდან. ნაყოფიერების ღმერთი ბრძანდება. მასთან მდგარი ჯიხვი კი, სავარაუდოდ, იმავე პერიოდის ევროპიდან უნდა იყოს.

ეს უნიკალური არქეოლოგიური ნივთები უკვე ნახეს საქართველოს წამყვანმა არქეოლოგებმა და დიდი მოწონებაც გამოთქვეს, ჯიხვს საქართველოში სავარაუდოდ ანალოგი არ მოეპოვება, ვაჟკაცი კი არაერთი ჰყოლია ჩვენს სამშობლოს.

ეს ძვირფასი ნივთები მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომლის (აწ განსვენებულის) პირად კოლექციაში მოხვდა. მემკვიდრეებთან დიდი ხანი ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, საქართველოდან გატანის არც თუ ისე მცირე ალბათობა არსებობდა. საბოლოოდ გავიმარჯვეთ და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით, პროექტ “ეროვნული სალაროს” ფარგლებში შევისყიდეთ.

დღეს უკვე საქართველოს ხელოვნების სასახლის არქეოლოგიური საგანძურის ნაწილია, ჩაუტარდა პირველადი საკონსერვაციო სამუშაოები, გაიწმინდა მრავალსაუკუნოვანი მტვრისა და ნადებისაგან. ჰოდა, სულ მალე მუდმივ ექსპოზიციაშიც დაიმკვიდრებს ადგილს. მადლობა ყველას ვინც ამ ეროვნულ საქმეში დაგვეხმარა.”