29 მარტი, 2018

ნანა ჯორჯაძის ტრიუმფი ჰოლივუდში

ნანა ჯორჯაძის ფილმმა ჰოლივუდში 6 ნომინაციაში გაიმარჯვაქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ჰოლივუდში არნახულ წარმატებას მიაღწია.

მის მიერ გადაღებულმა ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნანა ჯორჯაძის ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მისი ტრადიციების შესახებ და ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოში.

ფილმის დაჯილდოება ჰოლივუდში გაიმართა. „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოური ფილმი”, “საუკეთესო პროდიუსერი” – შალვა ხეცურიანი, „საუკეთესო სცენარის ავტორი“ – თამარ ბართაია, „საუკეთესო რეჟისორი“ – ნანა ჯორჯაძე, „საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი“ – მიხეილ კვირიკაძე და „როლის საუკეთესო შემსრულებელი“ – რევაზ ხეცურიანი.

ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო საერთაშრისო ფესტივალებზე ესპანეთში, საფრანგეთში, კალიფორნიაში კი ფესტივალზე ნანა ჯორჯაძე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

ფილმი ასევე ნომინირებული იყო ეინდჰოვების კინოფესტივალზე, ლონდონის ფესტივალზე, ლოს ანჯელესის ფილმების დაჯილდოვებაზე, მელბურნის ფესტივალზე…

ნანა ჯორჯაძის ფილმის პრემიერა თბილისში 19 ივნისს სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.