22 მარტი, 2018

ნაზი ხანიაშვილი: “გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია”

ნაზი ხანიაშვილი: "გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია"მკვლევარი და მეცნიერი ნაზი ხანიაშვილი ამტკიცებს, რომ გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია და ამის დასტურად თავისი დასაბუთებული არგუმენტი მოჰყავს:

“კასპის რაიონში, გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ტაძრის საკურთხეველთან აღმოაჩინეს თიხაში გამოსახული ათი ასო-ნიშანი, რომლის ასაკიც ამერიკის, კერძოდ მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ძვ. წ. XI-X სს დათარიღდა.

გრაკლიანის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა საზოგადოებას წარუდგინა აქ აღმოჩენილ წარწერაზე მეცნიერთა მიერ ამოკითხული ათი ასო-ნიშანი. მისი აზრით, დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.

გრაკლიანის ასო-ნიშანთა ამოცნობაში დამეხმარა პროფესორ ელენე მაჭავარიანის წიგნი ,,მწიგნობრობაჲ ქართული” (1989 წ.), სადაც წარმოდგენილია V საუკუნიდან ქართულ წერილობით ძეგლებზე ასო-ნიშნების გამოსახულებათა დროში ცვალებადობა. ჩემი ყურადღება მიიქცია ქართული ასო-ნიშნების ყველაზე ადრეულმა გამოსახულებებმა და აღმოვაჩინე, რომ გრაკლიანის ასო-ნიშნებიდან ცხრა ქართული მხედრული ასო-ნიშანია, ხოლო ერთი – ასომთავრული. გრაკლიანის ასო-ნიშანთა გამოსახულებაზე სიტყვები არ იკითხება, მხოლოდ ათი ქართული ასო-ნიშანია გამოსახული, რომლებიც ამ სალოცავში ერთგვარ ,,ხატების” ფუნქციას ასრულებდა.

გრაკლიანზე ადრეული ქართული ასო-ნიშნები დღემდე აღმოჩენილი არ არის. არმაზის ხევის მზის თაყვანისცემის სტელაზე (ძვ. წ. 800 წ.) ორი ქართული ასომთავრული ასო-ნიშანია გამოსახული და სოფელ დავათის ეკლესიაში აღმოჩენილ დავათის სტელაზე (ძვ.წ. 680წ.) ამოკაწრულია ქართული ასომთავრული 37 ასო-ნიშანი. უძველეს დროში ქართველები ასო-ნიშნებს ღმერთების ფუნქციას ანიჭებდნენ და მხოლოდ რელიგიურ საკულტო ადგილებში გამოსახავდნენ. ქართველთა ასეთი დამოკიდებულება ანბანის მიმართ ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ქართველებმა იცოდნენ, რომ ასომთავრული ასო-ნიშნები მამა ღმერთს თავზე გვირგვინის სახით ადგას, ხოლო მხედრული ასო-ნიშნები, როგორც კოსმიურ მხედარს, შუბლზე აწერია.

ბიბლიის მიხედვით, კოსმიურ მხედარს, რომელიც არის “უფალთ-უფალი”, თავზე მრავალი გვირგვინი ადგას – ეს ქართული ასო-ნიშნებია. ქართულია ის ანბანი, რომლის შესახებაც ღმერთი ამბობს მე ანბანი ვარო, ვინაიდან ბიბლიური კაბალას ცოდნა მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება. ქართული ასო-ნიშნების გამოყენება ტექსტებში ქართველებმა მოგვიანებით დაიწყეს და XX საუკუნემდე ციფრებს ქართული ასო-ნიშნებით გამოსახავდნენ.

გრაკლიანის არქეოლოგიური არტეფაქტების შესწავლა მომავალში ქართველთა 8000 წლოვანი ცივილიზაციის შესახებ მივიწყებულ არაერთ სიახლეს წარმოაჩენს.”

ნაზი ხანიაშვილი: "გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია"

ნაზი ხანიაშვილი: "გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია"