ჩუ, ქართველო! – აკაკი წერეთელი

ჩუ, ქართველო! - აკაკი წერეთელიჩუ, ქართველო! ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ, ოხერო,
„მამაცი ვარ”! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!”
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.