ქრისტინე კაკაბაძე ხელოვნების სასახლეში ნამუშევრებს გამოფენს

ქრისტინე კაკაბაძე ხელოვნების სასახლეში ნამუშევრებს გამოფენსმხატვარი ქრისტინე კაკაბაძე ხელოვნების სასახლეში პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს.

ექსპოზიცია 21 მარტს, 19 საათზე გაიხსნება და მხატვრის მიერ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა თემაზე შესრულებულ, ფერწერულ ნამუშევრებს გააერთიანებს. გამოფენა დამთვალიერებელს ავტორის მომნუსხველ სამყაროში ამოგზაურებს.

მხატვრისთვის ფერწერაში და ზოგადად ყველა სახის შემოქმედებაში, უმნიშვნელოვანესი ნამუშევრიდან მომავალი მყისიერი, წამიერი ემოცია-ვიბრაციაა. ენერგეტიკა, რომელიც ქვეცნობიერის ღრმა შრეებში, ნახატისა თუ სხვა ხელოვნების ნიმუშის დაბადებასთან ერთად იბადება, ადამიანის მიერ განიცდება და მთელი სამყაროს არსს, მარადიულ ღირებულებებსა და მოვლენებს – კონკრეტულ, ერთ ნამუშევარში აქცევს, განავითარებს, გამოწვავს და გამოძერწავს.

2001 წელს ქრისტინე კაკაბაძემ თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის სპეციალობით, ხოლო 2005 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაასრულა.

ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა საქართველოსა (2007 -პროექტი „არტ-პრო“, თბილისი, საქართველო) და გერმანიაში (2008 – ნორდენი, გერმანია). მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში (2007 – ფერწერული ნამუშევრების ექსპერიმენტული გამოფენა. 2006 – ფოტო-გამოფენა, ფრანკფურტის ინტერნაციონალური თეატრი, გერმანია.)

აღსანიშნავია, რომ ქრისტინე კაკაბაძე 2009-2010 წლებში გერმანიაში, ნორდენის ინტერნაციონალურ საზაფხულო კურსებზე მიწვეული დოცენტი, ხოლო 2007-2013 წლებში სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით მიწვეული ლექტორი იყო.

2017 წლიდან დღემდე თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში იგი ხელოვნების მასწავლებელია.
მხატვარ ქრისტინე კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში 27 მარტამდე გაგრძელდება.