ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზელექსები ქალებზე ყველა პოეტის შემოქმედებაშია. ”არტინფო” გთავაზობთ გოგლა ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ნიკო გომელაურის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით შემოქმედელის და ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ.

გოგლა ლეონიძე – კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით

კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.

ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

 

ოთარ ჭილაძე – ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა…

ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.

შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.

ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო…
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

 

ჯანსუღ ჩარკვიანი – ქალი მინახავს ათასნაირი

ქალი მინახავს ათასნაირი,
ქალი-მინდორი, ქალი-ყვავილი,
ქალი-ნისლი, და ქალი-ჰაერი;
ქალი-მშვენება ამერ-იმერის.

ასე კახეთით, პირით ალაზნის,
ვენეციამდე მოვრჩი ხეტიალს,
მაგრამ ფეხმძიმე ქალზე ლამაზი,
ქალი მე არსად არ შემხვედრია.

 

მუხრან მაჭავარიანი – ქალია დილა

ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი…
წვიმა ქალია…
ყველაფერი
ქალივით მიყვარს…
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

 

მუხრან მაჭავარიანი – თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და……
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!

 

მუხრან მაჭავარიანი – ქალი? – მიყვარს…

ქალი?-
მიყვარს,
მიყვარს ქალი
ღვინოც-,
ოღონდ არა ქარხნის,
პურიც-,
ოღონდ არა ფურნის,
პური-თონის
ღვინო ჭურის
ქალი მსგავსი გაზაფხულის.

 

ირაკლი ჩარკვიანი (მეფე) – ქალი, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე…  

ქალი, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე,
ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე,
ქალი, რომელზეც უნდა ფიქრობდე,
ქალი, რომელიც უნდა გიყვარდეს,
ეს ქალი შენ ხარ – მინდა იცოდე!

 

ანა კალანდაძე – ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები…
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი…
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები…
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…

მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და… ისიც ეტყვის ურიგოს…
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
– მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..

ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…

 

ნიკო გომელაური – ქალის არ მესმის

ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…

 

ნიკო გომელაური – ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს

ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს,
ზოგი ქალი – მოდას.
ზოგიც ათრევს მძიმეს მარტო,
ზოგი არჩევს GODAR-ს.
ზოგი ქალი “KENT”-ს ეწევა,
ზოგი კენტად ცხოვრებას.
ვინ დააკმაყოფილებს,
ჩემს მომთხოვნ გემოვნებას.
აი,შორს მიდის ვიღაც ქალი,
ასეთი არ მყოლია!
რომ შევავლე კარგად თვალი,
თურმე ჩემი ცოლია.

 

მურმან ლებანიძე – ბედნიერება იყო ჩემთვის და არის სიცილი – ცოლის, სიცილი – დედის…

ბედნიერება იყო ჩემთვის და არის
სიცილი – ცოლის,
სიცილი – დედის,
და საერთოდ
სიცილი ქალის.
არის ქალთაგან პირველის და პირველზე მეტის
თოვლებრ სპეტაკი,
მშობლიური,
სიცილი დედის.
არის მეორე ხმას გამოსცემს რომელიც ბროლის,
მოსიყვარულის,
შემწყნარებლის,
სიცილი ცოლის.
და კიდევ კიდევ ფუი ეშმას იყო და არის,
აღტაცებულის მშვენიერის ოცნებით მთვრალის,
გამომწვევი და ხორციელი,
სიცილი ქალის.
იყო ცხოვრება იყო სისხლის ცრემლების ღვრები,
ესეც ხომ იყო,
იცინოდნენ
ჩვენთვის ქალები.
ჟღერდა გიტარა, მთვარის შუქი მოადგა ქალწულს,
ვიგონებ სიყრმეს,
ოქროსუბანს,
ბავშვობას წარსულს.
ის იცინოდა, იცინოდა ნათელში მთვარის,
თითქოს
პირველად გავიგონე,
სიცილი ქალი.
თორმეტი წლისას გამეღვიძა უსიერ ტყეში,
ვთქვი რა ხდება,
რა გრძნობაა,
რა ხდება ჩემში.
ვთქვი იცინიან რანაირი ეშხით ქალები,
ვთქვი რას, რას ნიშავს
ქალის ხმაში,
ვერცხლის ზარები.
სიტყვა აზრია, რით არ არის სიცილიც სიტყვა,
სიტყვა რომელიც
აზრი
მეტის სიცხადით ითქვა.
იყო ცხოვრება, იყო სისხლის ცრემლების ღვრები,
ესეც ხომ იყო,
იცინოდნენ
ჩვენთვის ქალები.
სასოებით, იმედით ხვალის,
ხეს ოცნებისას აშრიალებს
სიცილი
ქალის.
ოჰ გზას სოფლისას რა გალევდა, ანუ რა გალევს,
აწ გზას გასასვლელს
რომ არ იყოს
სიცილი
ქალის!!!!

 

მურმან ლებანიძე – ბალახს ქალის სუნი ჰქონდა

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცებ ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა –
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის,– ცისფერ ანუ თეთრის,–
სუნი– საზოგადოდ ქალის,
სუნი– საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს–
შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!

მურმან ლებანიძე – კაბა-სამოსი ქალს არ აჩენდა

კაბა-სამოსი ქალს არ აჩენდა, –
ხორციელებას მისას ჩქმალავდა;
კაცების ჯოგი მას არ ამჩნევდა,
სხვა ქალებისკენ ბილიკს ჰკვალავდა.

წვიმდა ზღვაზე და დუღდა ბურუსი,
ზედ არ უცქერდნენ ბეჩავს კაცები,
და მთელი კვირა ჰქუხდა ხურულში
თითბრის ჯაზი და ძგერდა “ტანცები”.

მაგრამ ხვალის დღე სხვაგვარად სჯიდა:
მზემ დაიძახა ერთ დილას “ჭიტა”;
ზღვისპირ გაიძრო მან თვისი ჯვალო
და საკაცეთმა თვალები სჭყიტა…

ოჰ, თითქოს თივას ავარდა ალი, –
ის იყო მკვრივი, ის იყო ნორჩი, –
ფანტასტიკური ის იყო ქალი
და სალოცავი ზედ ესხა ხორცი…

ხოლო მან, ვინც “ტუს” ამ დილით მოჰყვა,
ვინც მაგ სხეულის იცოდა ფასი,
მოხვია მკლავი, შეახო ლოყა
და ქალს გულდაგულ შეუძღვა ზღვაში…

და შეჰყვნენ წყვილად მიქცევას ზღვისას,
მზით გაჯერებულ ზღვას მიჰყვნენ ცურვით…
და კაცთა ჯოგი გასცქერდა სხვისას
ბედნიერებას ჭმუნვით და მდურვით.

 

გალაკტიონ ტაბიძე – ქალმა დამწყევლა ლამაზმა

ქალმა დამწყევლა ლამაზმა
მხურვალე ლალის ბაგეთი,
ღმერთმა ვერ მითხრას ათასმა,
რა ჩავიდინე აგეთი.
მაგრამ, იმ წყევლამ როგორ სთქვას,
გული სიცოცხლით დანამა,
თუ ვინმემ გული მომიკლას,
ისევე იმისთანამა.

 

შოთა ნიშნიანიძე – ორშაბათს გოგონა გავიცანი

ორშაბათს გოგონა გავიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი…
ჩემი გასაჭირი ავუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა
ვაიმე, ბედოო უკეთურო…..
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე.
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო
ელვამ დამიარა კოჭებამდე
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვებედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი.

 

დავით შემოქმედელი – მოირწეოდა ქალი…

მოირწეოდა ქალი, ვით ალი,
გვირილებიან-ცვრიან-იანად,
შემოეპარა კაბის ქვეშ ქარი
და მთელი ღამე მაეჭვიანა…

 

ვაჟა-ფშაველა – ქალო, გნახე ფეხშიშველა

ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო?
გენაცვალე, შავთვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა,
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!…

 

ვაჟა ფშაველა – მწყემსი ქალი

დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთიანო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
უჩანს თითები თლილიო…
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
არიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრიანო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრიანო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრიანო.
თქვენც გეხვეწებით, ხეებო,
და შენც, მდინარევ ხმიანო,
ე გოგო – ჩემი სიცოცხლე –
არაფრით დამიზიანო!

 

ილია ჭავჭავაძე – მძინარე ქალი

მე შენ დაგყურებ
მშვიდ მძინარესა
და დავსტრფიალებ
შენს ბროლის მკერდსა;
მესმის მის რხევა
შუქ-შესხმულისა
და ნელი ღელვა
წრფელის გულისა.
აგწითლებიან
ნაზი ლოყები,
ღიმილით თრთიან
ტუჩთა ლალები.
წრფელი გაქვს ძილი,
ვით ხილვა ცისა,
ზედ გადგა ჩრდილი
ანგელოზთ ფრთისა.
შენ თითონ წრფელსა
წრფელიც გაქვს ფშვენა,
ნეტა მის ბედსა,
ვისიც ხარ შენა!

 

***
ქალი ოცნება ქალი სინაზე,
ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე
ქალი ოცნება ქალი ალერსი
შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
ლამაზო ქალო ტანო–ტატანო
ქალო ათასი ჭირის ამტანო
ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ,
კაცებმაა? კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ.