ლექსები დედაზე

ლექსები დედაზე3 მარტი დედის დღეა. დედა ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ადამიანია, ამიტომაც არის, რომ დედაზე ყველაზე მეტი ლექსი იწერება.

”არტინფო” გთავაზობთ ლექსებს დედაზე:

ვაჟა–ფშაველა

”ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა!”

 

მუხრან მაჭავარიანი

როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ –
ვინ გიმღეროდა?!
– მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, –
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
– მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, –
ვინ იამაყებს?!
– მშობელი დედა.

გიორგი წერეთელი

დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!

დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს…
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

 

გიორგი წერეთელი

გაზაფხულის ყვავილები
მსურს შევკონო ერთად,
მსურს შევკონო და მოგიძღვნა
საყვარელო დედა!

გაზაფხულდა,
შენს თვალებშიც გაზაფხული ბრწყინავს,
კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს
დედავ, მარტის დილა!

 

მაყვალა მრევლიშვილი

– შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, –
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

 

ლადო ასათიანი

ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,
პირველი სიტყვა იყავი დედა,
დედა სიზმრებმა არ მომასვენა
შენს ბნელ საკანში გადმომახედა,
გეძახდი მინდა გაგესაუბრო
შუა აზიის ურწყულ მხარეში…
რა გენატრება ქმარი თუ უფრო
დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.
მთვარეულივით დავდივარ ხმელეთს
აგერ ეს ოციდასამი წელია
მაგრამ, ძვირფასო მშობელო შენზე
ერთი სიტყვაც არ დამიწერია.
ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,
დამქონდი, როგორც საუნჯე გულით
და სიყვარულის სიმღერის მიერ
ვიყავი დღემდე დამუნჯებული.
დანაცრებულან ციხე-კოშკები
„მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს
მე კარგად ვიცი მალე მოვკვდები,
მე ვერ გაუძლებ ამ საუკუნეს.
ო, ვიცი ეგ და ამიტომ მინდა
უკანასკნელად მაინც გიხილო
დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,
და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო
დაუვიწყარო სიკვდილის ჟამსაც
გავიმეორო შენი სახელი.

 

ტარიელ ხარხელაური

ძალიან ხშირად ამ სიზმარს ვხედავ –
მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა – დავიჭერ
და ხმა სახლიდან – მეძახის დედა:
– შემოხისფეხდი, სახლში, სამიწევ…
მერე, მზე თავის ტკბილ ჩრდილში
მახვევს.
მერე, სიზმარსაც ეცლება ძალა,
განსხეულებას დაიწყებს სახლიც
და დედაჩემის ფერმკრთალი
ლანდიც
მთებს გადაუვლის მსუბუქ ღიმილად
და შეაჭკნება სახეს ნიღაბი –
როგორც ველს მწვანეს თეთრი
გვირილა.
მე ახლა დედის ღიმილით ვთბები,
ქარი ჩემს სხეულს ამ ღიმილს
ახვევს,
ნისლია დედის ჭაღარა თმები,
გვირგვინი ჩემი გაჭვარტლულ
სახლის.
სრულდება ჩემი სიზმრება ყოფნაც,
სამყაროს ჭვრეტაც ბავშვის
თვალებით,
მზედ აენთება ჩემს წუთისოფელს
თარიღი ჩემი გარდაცვალების.
დღეს კი, ჯერ ისევ სიზმრებსა ვხედავ,
მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა – დავიჭერ
და ხმა სახლიდან – მეძახის დედა:
– წამოხისფეხდი, სახლში, სამიწევ…

 

აკაკი წერეთელი

ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს, –
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს…
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..

 

იოსებ ნონეშვილი

დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ – ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ – სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ – ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

***

დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.

 

***

როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს? დედა!

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
გულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა.

ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვინ უნდა მიცნობდეს ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის, ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.

სიცოცხლეს გვჩუქნის თვითონ კი კვდება,
ყოველთვის მიცავ ვუყვარვარ ბევრად,
არ ვავიწყდები არასდროს ვხედავ,
სწორად დამარიგებს სიცოცხლე დედა.

უნდა დავაფასოთ ეს გრძნობა მეტად,
უნდა გავუფრთხილდეთ ვაქციოთ კერპად,
მის მზეს დავიფიცავ წავყვები ყველგან,
დედას გეფიცები მიყვარხარ დედა!!!

***

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი – მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა – დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, –
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია.

***
ამ ქვეყნად დედა ყველას ჰყავს ერთი,
სათაყვანები, ვითარცა ღმერთი,
დედა ცხოვრების საწინდარია,
როცა მასთან ხარ, მუდამ დარია.
ამ ქვეყნად გაჩნდეს ადამიანი
და არ უყვარდეს დედა მშობელი,
არ დააფასოს თვალნი მზიანი ?!
მას უნდა აღუდგეს კაცნი ყოველნი?!
როგორც ცხოვრება არ მწამს უღმერთოდ,
წუთსაც ვერ გავძლებ, დედა უშენოდ!
შენა ხარ ჩემი ცხოვრების აზრი,
მე ხომ მაქვს შენი უზომო ხათრი!
დედაა მხოლოდ მუდამ ერთგული,
თუგინდ ტყუოდე, მაინც დაგიცავს.
მას სიყვარულით სავსე აქვს გული
და არასოდეს ის არ გაგწირავს!!

***
დედა ყველაზე ნაზი არსება,
სანუკვარი და ძალზედ საქები,
ყველაზე მეტად ვინც შემიყავრდა,
ყველაზე მეტად ვისაც ვაქებდი.
ეს შენ ხარ ჩემო დედიკო, დედა,
მთვარის შუქზეც კი ძლიერ მნათობი,
ყველაზე წმინდა და ძლიერ სანდო,
დედა ხარ კარგი და მისაღები.
მუდამ ერთგული, ჩემ გვერდში მდგომი,
სულის სიწმინდით აღსავსე ქალი,
უტყუარი და სანთლით საძებნი,
ის ვიზეც მუდამ დამრჩება თვალი.
მისაბაძი ხარ ჩემო დედიკო,
ყველაზე მშვიდი, ერთგული კარგი
და გისურვებდი, რომ საუკუნოდ,
ყოფილიყავი ასეთი ნაზი.