კარლო საკანდელიძე – საოცარი მსახიობი

15 მარტი, 2018

კარლო საკანდელიძე – კარლო საკანდელიძე. საოცარი მსახიობი, ყველა საიდუმლოს დაუძაბავად ამომკითხავი. ასეთი პროფესიონალი საუკუნეში ერთხელ თუ დაიბადება, – ასე ახასიათებს რუსთაველის თეატრის მსახიობს რეჟისორი რამაზ ბუბა ხოტივარი:

“მასთან თვეების განმავლობაში დღეში 10-12 საათის განუწყვეტლივ მუშაობისას სულ მაინტერესებდა, როდის დაიღლებოდა, როდის მოერეოდა თვალებზე რული, როდის ამოიწურებოდა მისი ფანტაზია, იუმორი, ენერგია, როდის გაბრაზდებოდა („გვეყო დღეს, ხვალ განვაგრძოთ“) – არ ყოფილა ასე არასდროს!

შენ გენაცვალე, ჩემო კარლო, როგორ დავივიწყო, როგორ დამიდექი გვერდზე სულ ახალგაზრდა, გამოუცდელ რეჟისორს, ფილმის გახმოვანების წარმართვისა არაფერი რომ არ გამეგებოდა, როგორ მიხსნიდი დელიკატურად პროფესიის ყველა დეტალს ისე, რომ არ მწყენოდა ჩემი უვიცობისა! შენ არ იყავი „ლაზარეს“ გახმოვანების რეჟისურა შენ თავზე რომ აიღე და არასოდეს ეს არ გითქვამს – პირიქით, მალავდი შენს დამსახურებას? მადლობა დიდი, დიდო კაცო, დიდი სიკეთის მატარებელო. შენნაირ იშვიათ ადამიანებზე იდგა და დგას სამყარო… გაანათლოს უფალმა შენი სული …

მინდა გაგახსენოთ დიდი ხნის წინანდელი ჩემი მოგონებიდან ერთი ფრაგმენტი: „…მღვდელის გასახმოვანებლად დიდი მსახიობი – კარლო საკანდელიძე მოვიწვიე. კარლო ამ როლის გაკეთებაზე კი დამთანხმდა (და კარგადაც შეასრულა ის), მაგრამ ანარქისტის გახმოვანებაც მოინდომა. მე გამწარებული ვეძებდი ანარქისტს და არ ვიცოდი, გვერდზე რომ მყავდა. ბოლოს გამომიტყდა, არ მინდა თავი მოგაბეზრო, მაგრამ გამსინჯე და ნახე, იქნებ მოგეწონოო. ეს არა თავისი (მღვდლის), არამედ ანარქისტის ხმით მითხრა, თანაც ისე გამიღიმა, ანარქისტი რომ იღიმება ეკრანზე – აგრესიულ-გაკვირვებული სახით და დაამატა ანარქისტის მაღალი ჩლიფინით: „მამაო ენუქ, ვინ შექმნა ქვეყანა?“ და თვითონვე უპასუხა მღვდლის ბოხი ხმით თავის თავს: „ღმერთმა, შე ანარქისტო!“, შემდეგ კი უპასუხა ისევ ანარქისტივით: „ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი ხომ შენმა ღმერთმა შექმნა!“.

კინაღამ გავიგუდე სიცილით. მივხვდი, რომ ანარქისტის ხმა ნაპოვნია. ანარქისტის გახმოვანების დროს ვერაფრით ვახერხებდით ეპიზოდის დამთავრებას – შუა გზაში ისტერიული ხარხარი აგვიტყდებოდა ხოლმე. კარლო კი ბრაზობდა, ხელს მიშლითო. ასეც იყო. განსაკუთრებით შევუშალეთ ხელი კარლოს ამ სიტყვებზე: „მამაო ენუქ, იმ შენი ღმერთის რწმენა სასაცილოა! გეყო რელიგიური იავნანები!“ – მთელი სტუდია ხარხარებდა. კარლომ ბოლოს თვალები დაგვიბრიალა, გარეთ გაბრძანდით რეჟისორ-ასისტენტები, უთქვენოდ უკეთ ჩავწერო. ჩვენც ბავშვებივით დავემოჩილეთ და გარედან ვისმენდით, როგორ მუშაობდა ეს დიდი ვირტუოზი.

შემდეგ კარლომ სულ აიწყვიტა და ბევრი სხვა მცირე როლიც გაახმოვანა. ვერავინ ხვდება, რომ ეს ერთი და იგივე მსახიობია. მაგალითად, მთვრალი გლეხი ისაკა, უსინათლოს რომ ურტყამს სოფლის მოედანზე. საერთოდ კარლომ მოახდინა ფილმის გახმოვანების ტექსტის მსახიობთა არტიკულაციაში ჩაჯენა-ჩაწყობა და გამოსახულებისა და დიალოგების ურთიერთკავშირის მოგვარება. დღედაღამ, უნიჭიერეს იამზე ტყავაძესთან ერთად გახმოვანების ბნელ დარბაზში იჯდა და შრომობდა. ორივეს აქვს ულევი მარაგი ქართული სიტყვებისა, რაც ასე გვაკლია ბევრს ჩვენთაგანს…”