თავადი ორბელიანის კოშკი ინგრევა

ორბელიანის კოშკი თბილისში, ორბელიანის მოედნიდან იუსტიციის სახლის საფეხმავლო ხიდისკენ მიმავალ ქუჩაზე თავადი ორბელიანის კოშკი დგას. ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. ბზარები მთელ ნაგებობაზეა და დროულ მიხედვას საჭიროებს.

ინფორმაციას კოშკის მძიმე მდგომარეობის შესახებ ლადო მირიანაშვილი ავრცელებს:

“ეს არის ორბელიანის (ყოფილი კოლმეურნეობის) მოედნიდან იუსტიციის სახლის საფეხმავლო ხიდისკენ მიმავალ ქუჩაზე აღმართული თავადი ორბელიანის კოშკი.

კოშკი 1930 წლისთვის უკვე სანახევროდ დანგრეული იყო. ის 1970-იანი წლების ბოლოს განხორციელებული, ძველი თბილისის რეაბილიტაციის დროს აღუდგენიათ.

დღეს კოშკი კვლავ დანგრევის პირასაა. ფოტოზე კარგად ჩანს ნაპრალების ქსელი, რომელიც კოშკის ფუძიდან იწყება და კედელს ბოლომდე აჰყვება.

მართალია, ორბელიანის კოშკის 2/3 ნაწილი XX საუკუნის შემოქმედებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის კვლავ რჩება ჩვენი არცთუ ძალიან შორეული წარსულის ნიშანსვეტად, რომელიც ორბელიანების მამულებთან დაკავშირებულ ისტორიულ მეხსიერებას აცოცხლებს: უბნის ისტორია არა მხოლოდ ზეპირი გადმოცემის წყალობით, არამედ ამ კონკრეტული მატერიალური ნაშთის მეშვეობით ხელშესახები ხდება. ორბელიანის კოშკის შენარჩუნება აუცილებელია.”