1 მარტი, 2018

ქეთი დოლიძე: “იმათ გასაგონად, ვინც “წითელ ინტელიგენციას” გვიწოდებთ!”

ქეთი-დოლიძერეჟისორი ქეთი დოლიძე იმ საზოგადოებას მიმართავს, ვინც მას და მის თანამოაზრეებს “წითელ ინტელიგენციას” უწოდებს.

მიმართვის გავრცელება რეჟისორმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა და კრიტიკა დაიმსახურა:

“ყველა, იმათ გასაგონად, ვინც გულში მჯიღს ირტყამთ და “წითელ ინტელიგენციას” გვიწოდებთ!!!!
მხოლოდ ფაქტები, რომელზეც თქვენ, “ვაი პატრიოტებო”, არ გაქვთ და არც გექნებათ პასუხი!!!!!
რატომ მაშინ არ შემოირტყით თავში ხელი, როცა ჯერ კიდევ გუმბერიძის დროს ცხინვალს მიადექით და სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ, კარი ჩაგვირაზეს და შიგ არ შეგვიშვეს!!!! ხომ გააუქმეთ ავტონომია?!
რა მივიღეთ? დავკარგეთ ცხინვალი!!!!
ვის აძლევდა ეს ხელს? რა თქმა უნდა, რუსეთს!!!

1989 წლის 4 მარტს ვინ გამოვიდა უზარმაზარი ლოზუნგებით “გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია?!”
თქვენ არ იყავით?!
რა მივიღეთ?! 22 ჩახოცილი ქალი და დაკარგული აფხაზეთი!!!
ვის აძლევდა ეს ხელს? რა თმა უნდა, რუსეთს!!!!

1993 წელს ვინ გავარდა ფრონტის ხაზისკენ მატარებლით, რომ ეს ძმათამკვლელი ომი შეგვეჩერებინა? ჩვენ, საქართველოს ქალები! სად იყავით თქვენ, ვინც ახლა გვქოლავთ? ბატონო????
ერთხელ მაინც გადავდგით ნაბიჯი, რომ აფხაზებს და ოსებს შევრიგებოდით???
გარე-გარე რომ დავრბივართ და უცხოეთში ვეძებთ შერიგების გზებს, თქვენ სად ზიხართ, “არაწითელო” პატრიოტებო???
მიუხედავად კონდოლიზა რაისის და ზოგადად, ამერიკელების გაფრთხილებისა, ვინ დაეტაკა ცარიელ ცხინვალს გიჟივით, ვინ აყვა პროვოკაციას 2008 წელს?!
ჩვენ!!!!!
ვის აძლევდა ეს ხელს???? რა თქმა უნდა, რუსეთს!!!

2012 წლამდე, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, მოიკითხეთ? დამისახელეთ ერთი სწორი ნაბიჯი, რომელმაც კრიზისიდან გამოგვიყვანა!

ის დასავლეთიც სულ იმას არ გიკიჟინებთ, გამონახეთ საერთო ენა თქვენს მეზობელთანო? თუ არა?!
2004 წელს, ვაშინგტონში, ერთმა პოლიტიკოსმა, საქართველოზე შეყვარებულმა, სხვათა შორის, მითხრა: “ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ არ ვართ თქვენი მეზობლები, რუსეთია და ამაზე იფიქრეთო!”
იმ ავბედით აგვისტოს ღამეს, შემთხვევით მოვხვდი “თბილისი-მერიოტში”, როცა გორს მომდგარი რუსის ჯარი სარკოზიმ შეაჩერა, დიახ, სარკოზიმ, რადგან ოკეანის გადაღმა ვიღაც ეუბნებოდა, რუსებს თუ გინდა მოუღოთ ბოლო, შევიდეს რუსის ჯარი თბილისშიო!!! და სარკოზიმ ეს გააჩერა!!!!
რა, არა?????? ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს!!!!

ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკოსობისგან, მაგრამ ამ საქმეებში ეს “ურა პატრიოტები” ხომ ყველა ექსპერტი ხართ?!
შვიდ ნოემბერს რატომ დაარბიეთ ხალხიო, ბოკერიას კითხეს და “ისე ძალაუფლებას ვერ შევინარჩუნებდითო!”
და ახლა ეს კაცი ისევ საქართველოს პოლიტიკაში “გულაობს”! ეს არაა დაქცევა????
“ქართველებოოოო! ქეიფის და ქელეხის ხალხოოოო!!!!” – ყვირის მერაბ კოკოჩაშვილი გმირი “ცხელი ზაფხულის სამ დღეში”!

გეყოფათ!!!!! შეირგეთ ეს ქვეყანა! ეს დალოცვილი კუთხე, რომელიც ყველას თავის საკუთრება ჰგონია!
გეყოთ ამდენი ღვარძლი და ბოროტება! ამდენი “იარლიყი”!
რაც მოგცათ ამ საზიზღრობის ძახებამ, კი ვხედავ, აგერ 30 წელია!
რას უნდა შევეგუოთ, რომ აფხაზეთის და ოსეთის გარეშე შეგვიშვან ნებისმიერ კოალიციაში, სადაც ისედაც არ გვღებულობენ?

სამუდამოდ მოვაწეროთ ხელი საქართველოს შაგრენის ტყავივით შეჭრას და დაძიძგვნას???
თქვენ ხართ პატრიოტები და რობიკო სტურუას არ უყვარს საქართველო?! ან თემო გოცაძეს, ან სხვებს?
რა უფლებით ბედავთ ამას? ვინ ხართ, რა შეგიქმნიათ?
დიახ, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ღია წერილი მივწერე პუტინს ორჯერ: 2004 და 2008 წელს! მონახეთ და წაიკითხეთ, ორივე “რეზონანსში” გამოქვეყნდა!

წაიკითხეთ ჩემი ვაჟიშვილის ინტერვიუ ფრანგულ პრესაში და მიხვდებით, როგორი შვილები გავზარდე!
უშეცდომო არავინაა და ამპარტავნობისგან დამიცვას ღმერთმა!

მეც მატკინეს გული, მაგრამ ერთ-ორ დაბოღმილ და შურიან ქალს ხომ არ უნდა გადავაყოლო ჩემი ქვეყნისადმი უგონო სიყვარული?!
დაოკდით და ქვეყანას მიხედეთ!
სადარბაზოებიდან დაიწყეთ და მოევლება!

1993 წლის ომის დროს, როცა რუსთაველი იწვოდა, დილის 5 საათზე, ქურთის ქალი პეკინის ქუჩაზე ცოცხით გვიდა ტროტუარს და მოთქვამდა: “აი რა ხალხია ეს ქართველები! სწევენ პაპაიროზს და ქუჩაში ყრიან! ვაი, ვაი!”
აი, ეს ქალი უფრო დიდი პატრიოტია ჩემი ქვეყნის, ვიდრე თქვენ, გადარეულო და დაბოღმილო ადამიანებო!

ღმერთმა შეგინდოთ და გონზე მოგიყვანოთ!”