25 მარტი, 2018

ბიძინა კვერნაძე და მისი ხუმრობები

ბიძინა კვერნაძე და მისი ხუმრობებიკომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდა იმისა, რომ გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდა, თავისი იუმორით და ხუმრობებითაც კარგად იყო ცნობილი. წერას ვყავარ ატანილი და ვწერო, ხან-დაზმული ვარ ხან არაო… მოკლედ მისი იუმორი მეგობრებსა და კოლეგებს კარგად ამხიარულებდა.

“არტინფო” გთავაზობთ ბიძინა კვერნაძის ენამოსწრებული ხუმრობების მცირე ნაწილს, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

მახსოვს, როგორ დავწერე პირველი ნაწარმოები, ნიჭიერთა ათწლედს რომ ვამთავრებდი. ეს იყო რომანსი ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის, ზურაბ ანჯაფარიძე დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა, ვეხვეწებოდი, დაივიწყე-მეთქი. ამ რომანსთან კიდევ ერთი ამბავია დაკავშირებული. ზურიკოს ვიცნობდი, როგორც კარგ ბიჭს, რუსთაველზე რომ დადიოდა, კარგი ხმა რომ ჰქონდა… როცა დადგა საკითხი, რომ ვინმეს უნდა შეესრულებინა ჩემი რომანსი, მას ვთხოვე, მოსულიყო და ემღერა. კონცერტს უსმენდნენ ანტონ ბალანჩივაძე, გრიგოლ კილაძე, იონა ტუსკია. ისე შეასრულა რომანსი, რომ ატყდა ერთი ამბავი, ეს ვინ მოიყვანე, აქამდე სად იყოო! მე ვიღას ვახსოვდი, ყველა ზურიკოზე ლაპარაკობდა. იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა.

***

რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე… უცაბედად ათი შავი “ვოლგა” შემოვიდა. რობიკომ იკითხა, რა მოხდაო. ვუთხარი, არაფერი, მოშავდნენ-მეთქი. უბრალოდ ვთქვი, ესენი კიდევ გადაირივნენ, ეს რა თქვიო. ატეხეს სიცილი. ასე იცოდნენ. მე უბრალოდ, სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ…

***

ძალიან კარგად მახსოვს პეტრე ბაგრატიონის მებრძოლი მამალი… გვეშინოდა იმ მამლის, ძაღლივით გლეჯდა ხალხს. მეზობლის ქათმებს ჭამდა… ერთხელ ერთი პოლკოვნიკი შესულა პეტრესთან, ეცა თურმე მხრებზე და პაგონები ააგლიჯა, “ჩამოაქვეითა”… პაგონიან ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანდა, ბაგრატიონის მამალი იყო და ასე გამოხატავდა პროტესტს.
პეტრეს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ფერებით წააქცია მამალი და დაკლა როგორც იქნა. მერე ყვებოდა, მდუღარე წყალში რომ ჩავაგდეთ, ამოხტა და პეტრეს უთხრა, – ვის კლავთ, თქვენი დედა ვატირეო… მერე ქვაბში ჩავდეთ და ნოემბერში რომ ცეცხლზე დავადგით, დეკემბრის ბოლოს იყო მზადო. ასე იყო მამაძაღლი მამლის ამბავი.

***

იაშა ბობოხიძესთან ერთად სანადიროდ დავდიოდი. იაშაც მოვლენა იყო… ერთხელ ართანაში წამიყვანა. იქიდან სანადიროდ უნდა წავსულიყავით. ჩამაცვეს მანქანის საბურავისგან შეკერილი რეზინის ფეხსაცმელი, ავიღეთ იარაღი, “სამასვალი” მოიყვანეს და იმაზე დავსხედით. მივედით რაღაც ადგილამდე და ჩავიდეთო… აქ რა გვინდა-მეთქი, აქედან ფეხით წავიდეთო… დავადექით გზას. თან გვახლდნენ ართანელი მონადირეები, რომლებიც მთელი სერიოზულობით მიყვებოდნენ, როგორ წაართვა ერთ-ერთ მათგანს “ტელეგრეიკა” დათვმა… ვეუბნებოდი, რას ამბობ, კაცო, დათვს რად უნდოდა შენი ტელეგრეიკა-მეთქი… რა ვქნა, დათვმა წამართვაო და…
სანადიროდ კი ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიკლავს… ერთხელ ტახი გამოვარდა, ესროლეო, იაშამ. ბიჭო, როგორ ვესროლო, სიკვდილის წინ ტირიან-მეთქი…
ესროლეს სხვებმა და მოკლეს… იმ ტახის ხორცს რა მაჭმევდა…

***

ბიძინა კვერნაძე და მეგობრები ხაშის საჭმელად წავიდნენ. ერთ-ერთი გადაეკიდა ძვალს და დაუსრულებლად უკაკუნებს ჩანგლით, არ ეშვება.
ბიძინამ უთხრა:
– ბიჭო, სანამ “კტო ტამ”-ს არ გეტყვიან იქიდან არ მოეშვებიო?!

***

ერთხელ ნიკო ლეკიშვილმა გია ყანჩელს, რობიკო სტურუას და ბიძინა კვერნაძეს რაჭაში გასეირნება შესთავაზა.
– კი მაგრამ, მანქანით ოთხი საათი ცოტა ძნელია მგზავრობაო, – თქვეს სტუმრებმა.
– ნუ გეშინიათ, ვერტმფრენით შეიძლება გადაფრენაო, უპასუხა ნიკო ლეკიშვილმა.
ბიძინა კვერნაძემ უცებ უპასუხა:
-რას ამბობ, მაგით ვერ წამოვალ, ეგ მიქელ-გაბრიელის „პრავიზიონკაა“, როცა უნდა, ხელს მაშინ გაუშვებსო.
როცა რაჭაში ჩავიდნენ სუფრა ბუნებაში გაიშალა. სანამ სუფრასთან მივიდოდნენ, პატარა წყალი უნდა გადაელახათ. ყველა გადავიდა. ნიკო ლეკიშვილმა ბიძინა კვერნაძეს ხელი მოკიდა და მეორე ნაპირზე გადასვლა სთხოვა:
– მე რა, ნახიმოვი ვარ, ამაზე რომ გადავიდე? მანქანით გადამიყვანეთო, – უპასუხა კომპოზიტორმა.

***

ბიძინა კვერნაძე კომპოზიტორმა იაშა ბობოხიძემ დაპატიჟა საცივზე. იაშას ოთხი შვილი ჰყავდა და როდესაც საცივით სავსე ჯამი სუფრაზე ჩამოდგეს, მოშიებული ბავშვები ერთმანეთს არ აცლიდნენ გადაღებას. შეკითხვას, თუ როგორ მოეწონა იაშას საცივი, ბიძინამ ასე უპასუხა: “აბა რა გითხრათ, ბავშვებმა რომ ჩაყვეს ჯამში ხელები, მეც ჩავყავი, მაგრამ ხორცი რომ არ დამხვდა იაშას უმცროსს შვილს ჩამოვართვი ხელი.”

***

თინა ლაღიძესთან გოგი ცაბაძის მეუღლე, თამრიკო ჩიქოვანი მივიდა სტუმრად. ბატონი გოგი, ოჯახის მოამაგე და უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი იყო და ქალბატონმა თამრიკომ სულ მეუღლის ქებაში გაატარა საღამო: “он такой внимательный, такой заботливый. я такую опору чувствую в семье!” სახლში დაბრუნებულმა ბიძინა კვერნაძის მეუღლემ, ნუგეშამ თითქმის ჩაძინებულ კომპოზიტორს უსაყვედურა: “გაიგე თამრიკო რას ამბობს, “я такую опору чувствую в семье”-ო.
– აპორა ექნება, აბა რა, ამხელა ხის ფეხზე დგას კაცი! – უპასუხა კომპოზიტორმა.

***

გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა” რომელიც 5-სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ მე-3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“.
– არა, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: – მაშინ იცი რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“.