2 მარტი, 2018

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან

ახმეტელის თეატრისანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ირაკლი გოგიას ემუქრებიან.

ინფორმაციას ამის შესახებ თეატრი ავრცელებს და სპეციალურ განცხადებას აკეთებს:

“ჩვენი თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის იოჰან გალტუნგის სიტყვებით ეს იყო 1992 წლის მერე ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველების და აფხაზების სერიოზული დაახლოვება შემოქმედებითი პროცესის ირგვლივ. ჩვენი ქმედებები იყო სრულიად გამჭვირვალე და არანაირად არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი. ჩვენ ყველაგნ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს არის ადამიანური ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ამ პროცესში ჩვენი მედიატორი იყო ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდი.

ირაკლი გოგიამ მის კოლეგებთან ერთად ეს პროცესი ძალიან წარმატებულად წარმართა, რასაც ხელშესახები შედეგები მოჰყვა. აფხაზები მეგობრულად ჩაერთნენ პროექტში. ეს უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს მსოფლიოში ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და მშვიდობის დარგის ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ამ პროცესის ფონზე ძალიან საგანგაშოა, რომ ირაკლი გოგიას მისამართით დღეს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაისმა კონკრეტული მუქარები სმს-ების სახით. მანამდეც ჰქონდა მუქარებს ადგილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მოუწოდებენ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს! ჩვენ, ახმეტელის თეატრის დასი ვდგავართ სამხატვრო ხელმძღვანელის გვერდით. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ, ვინ დგას ამ მუქარის უკან და რა ჯგუფების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ირაკლი გოგიას ასე დაშინება.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც არ გვპატიობს აფხაზებთან შემრიგებლურ პოლიტიკას. შესაძლოა ეს იყოს ოკუპირებულ საზღვარზე კონტრაბანდაში ჩაბმული რუსული სპეცსამსახურების კვალი! ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების გვერდში დგომის, ვინაიდან ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ – არის დიდი ნაბიჯი წინ საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დამყარებისათვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ამ მუქარის ავტორებს და ნათელს მოფენს ამ სიტუაციას.”