3 თებერვალი, 2018

ნუცა შანშიაშვილი ამერიკაში დააჯილდოვეს

ნუცა შანშიაშვილიქართველი მოღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ნიუ იორკში დააჯილდოვეს.

მომღერალი ქალაქ ნიუ იორკის მერიამ და ადმინისტრაციამ ნიუ იორკის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სერთიფიკატი გადასცა, რასაც ვლადიმერ ვისოცკის ჯილდოს მიღებაც მოჰყვა.

ნუცა შანშიაშვილი:

“ნიუ იორკში ქალაქის მერიამ და ადმინისტრაციამ გადმომცა დაჯილდოვების საბუთი, ნიუ იორკის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ერთ თვეში კი ვლადიმერ ვისოცკის ჯილდო მივიღე.

ვისოცკი იყო ჩემი მშობლების მეგობარი და პატარაობიდანვე ბევრი მახსოვს მის შესახებ. მისი შემოქმედება ასოცირდება დიდ თავისუფლებასთან, ემოციასთან, პოეტურ სიძლიერესთან და ხელოვანი ადამიანის დაუშრეტელ ძალასთან ვასრულებ მის ერთ-ერთ სიმღერას “Кони” და თვლიან, რომ ვისოცკის შემდეგ ამ სიმღერის ყველაზე კარგი შემსრულებელი ვარ… მაგიტომაც დამაჯილდოვეს. ამ ჯილდოს არ ველოდი და დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის.

ჩემთვის ამ მომღერლის ყველა სიმღერა გამორჩეულია, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მიყვარს “Кони” და “Охота на волков”, რომელსაც იმედია მალე ვიმღერებ. გეგმაში გვაქვს უკრაინელ პროდიუსერთან მიხაილ ბონდორენკოსთან ერთად, მონო სპექტაკლის დადგმა, სადაც ვითამაშებ და ვიმღერებ ვისოცკის სიმღერებს… არვ იცი როდის განხორციელდება, იმდენად რამდენადაც აქ ნიუ იორკში მქონდა ახალი სოლო პროექტი საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან დიანა ბაგრატიონთან ერთად, რომელიც გახლდათ ორგანიზატორი ამ ახალი სოლო კონცერტის “მე და როიალი” ბულგარელი ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად…

ახლა მზადდება კიდევ ერთი ახალი დიდი სოლო კონცერტი, სადაც უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად, სრულად ჩემი ახალი სიმღერების გარდა, წარმოდგენილი იქნება ჩემი ფერწერული ნახატები…

რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ამას ყოველთვის ვგეგმავ. მენატრებით და ამის გარდა მისახედი მაქვს ბევრი საქმე – ერთ-ერთი მამაჩემის სახლ-მუზეუმის ჯემალ შანშიაშვილის საპრეზენტაციო გახსნაა… რაც შეეხება კონცერტს საქართველოში, ყოველთვის მზად ვარ ვუმღერო ჩემ ხალხს… ეს დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც აწარმოებს საქართველოში კონცერტებს… პირადად ყოველთვის მზად ყოფნაში ვარ, ვემსახურო საქართველოს ჩემი ხელოვნებით.”