14 თებერვალი, 2018

დები იშხნელების ქანდაკება დაზიანებულია

დები იშხნელებიქუთაისის ისტორიულ ბულვარში დები იშხნელების ქანდაკება დაზიანებულია. აწ გარდაცვლილი მოქანდაკის – გოგილო ნიკოლაძის თეთრი სკულპტურული კომპოზიცია “დები იშხნელები” ოთხი უნიკალური მომღერლის უკვდავსაყოფად დაიდგა.

ნანული ცხვედიანი:

“რა ინსტრუმენტზე უკრავენ ქუთაისის ბულვარში დები იშხნელები?

თუ გიტარას ტარის ზედა ნაწილი და თავი არა აქვს (რომელზედაც სიმები მაგრდება და ხმების რეგულირება ხდება), მუსიკოსი შეძლებს დაკვრას?

გაგეღიმათ, არა, ამ უაზრო შეკითხვაზე? მაგრამ, აბა, გაიარეთ ქუთაისის ისტორიული ბულვარის აღმოსავლეთ მონაკვეთში, სადაც შორიდანვე მოჩანს აწ გარდაცვლილი მოქანდაკის – გოგილო ნიკოლაძის თეთრი სკულპტურული კომპოზიცია “დები იშხნელები”. ერთ-ერთ დას ხელში შერჩენია თავმოცლილი გიტარა.

კი, მართალია, უსულგულო და ბოროტ ადამიანს რა დალევს ამქვეყნად, ეს ქანდაკებაც არაერთხელ ხელჰყვეს, მაგრამ მათი გაფუჭებული საქმე არავინ უნდა გამოასწოროს? სანამდე უნდა იდგეს ცნობილი მოქანდაკის ნამუშევარი ასეთი შელახული სახით ქალაქის ცენტრში?

ბულვარის სავალ ბილიკებს დღეში ათასჯერ კვეთენ ტურისტული ჯგუფები, ინდივიდუალურად ჩამოსული სტუმრები, სწორედ იშხნელების კომპოზიციის წინ დგებიან და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ალბათ, უცხოეთში, ან ინტერნეტსივრცეში არაერთხელ დასმულა კიდეც შეკითხვა იმ უცნაური, არაორდინარული “ქართული მუსიკალური საკრავის” თაობაზე, ერთ-ერთ ქალბატონს ხელში რომ უჭირავს და, გარკვეულწილად, გიტარას ჩამოჰგავს.

აბა, ვინ, დაიჯერებს, რომ, სინამდვილეში, ეს მართლაც გიტარაა და 3500 წლის ქალაქის გულში, ცენტრალურ ბაღში, ყველაზე სახელგანთქმული და კოლორიტული ქუთაისური მუსიკალური ჯგუფის მემორიალური კომპოზიცია, კარგა ხანია, ასეთი დაზიანებული დგას…”