ხელოვნების სასახლეს უნიკალური ნამუშევრები გადაეცა

21 თებერვალი, 2018

ხელოვნების სასახლეხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და სახელმოხვეჭილი შემოქმედის, გერმანელი მხატვრის პოლ ფრანკენის (1818-1884) ნამუშევრები გადაეცა.

საქართველოსადმი მიძღვნილი სამი უნიკალური ტილო ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფონდ ფიროსმანის დამფუძნებელმა არჩილ გელოვანმა ქართველ ხალხს უსახსოვრა. 20 თებერვალს ძვირფასი ტილოები მან თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს მუდმივ მფლობელობაში გადასცა.

გერმანელი მხატვრის ტილოები დაცულია ვეროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ყველაზე ცნობილ მუზეუმებში. ნამუშევრები სახელწოდებით „მტკვარი თბილისის ახლოს“, „სოფელი კავკასიის მთებში“ და „აღმოსავლური პეიზაჟი“ არჩილ გელოვანმა ისეთ ცნობილ აუქციონებზე შეისყიდა როგორებიცაა სოტბი, კრისტი და ა.შ. კოლექციის ფასი ამ ეტაპზე ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

პოლ ფრანკენი მხატვრობაში რომანტიზმის მიმდევარი იყო და ამიტომაც მისი ნამუშევრები მიმზიდველი ფერებითა და ულამაზესი ფიგურებით გამოირჩევა. XIX საუკუნეში კავკასიის სხვადასხვა მხარეში, მოგზაურობის დროს ფრანკენს გაუღვივდა ინტერესი კავკასიელთა ყოფისა და ადათ-წესებისადმი. მას განსაკუთრებით იზიდავდა ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ადგილები, უცხო ლანდშაფტები, ეთნოგრაფიული მოტივები. ამიტომაც სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში პოლ ფონ ფრანკენი “კავკასიის მხატვრად” მოიხსენიება.

არჩილ გელოვანისაგან ხელოვნების სასახლეს არაერთხელ მიუღია საჩუქარი, გასულ წლებში მეცენატმა მუზეუმს პირველნაბეჭდი ქართული წიგნები, ძვირფასი გრავიურები და გამოყენებითი ხელოვნების იშვიათი ნიმუშები უსახსოვრა.

პოლ ფრანკენის ტილოები უახლოეს დღეებში ადგილს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს.

პოლ ფრანკენი

პოლ ფრანკენი

პოლ ფრანკენი