“სიყვარული ის კრიმინალია, რომელშიც დანაშაული არ კვალიფიცირდება”

12 თებერვალი, 2018

სიყვარული– სიყვარული ის კრიმინალია, რომელშიც დანაშაული არ კვალიფიცირდება, – აცხადებს ნუგზარ სულა სულაშვილი და ამის დასტურად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომხდარ ისტორიას იხსენებს:

“2002 წელს ლექციების ჩასატარებლად მიმიწვიეს შ.ს.ს. აკადემიაში.

ეს ის პერიოდი იყო, საქართველოში კორუფცია და საერთაშორისო ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაული ვარსკვლავებს რომ ეთამაშებოდა ცაში და ჩემი ლექციის თემაც სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა.

ახალგაზრდამ, რომელიც აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდა კითხვით მომმართა:

– ბატონო ნუგზარ, სიყვარული შეიცავს, თუ არა კრიმინალურ ნიშნებს?
ვინაიდან ეს ჩვენი საგნის თემა არ იყო, ვთხოვე პასუხისთვის დრო მოეცა.
იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე… საკმაოდ ერუდირებული ჯგუფი იყო და ჩავთვალე ჩამჭრელი კითხვებით სურდათ უპირატესობის დამტკიცება.
მესამე დღეს კარგად მომზადებული გამოვცხადდი აკადემიაში.
– სად არის ჭოხონელიძე?
– დაკავებულია პატივცემულო – მიპასუხა ერთ- ერთმა სტუდენტმა.
– როგორ თუ დაკავებული? რა დააშვა?
– გუშინ, შეყვარებულის აივანზე აძვრა სიურპრიზის მოსაწყობად და…
– მერე?
– შეეშალა. სხვის აივანზე აღმოჩნდა. იმათ დიდი ძაღლი ჰყოლიათ სახლში…
– დაგლიჯა?
– ვერ მოასწრო, ჭოხონელიძემ ისროლა.
– იარაღი?
– არა, ძაღლი ისროლა აივნიდან.
– აბა წავედით ჩქარა! – ვუთხარი ბიჭებს და საბურთალოს რაიონულ განყოფილებას მივადექით.

***
– გესმით, თუ არა რომ ასე შეიძლება ბავშვს მთელი მომავალი გაუფუჭოთ? რის გამო? შეეშალა და შემთხვევით აღმოჩნდა სხვის აივანზე.
– კიდევ კარგი რომ შეეშალა და იქ არ აღმოჩნდა სადაც მიძვრებოდა! – იღრიალა უფროსმა გამომძიებელმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის გოგო ჩემი ძმისშვილია.
– მერე სასიძოს გმირობას უწუნებ დალოცვილო?
– რა არის გმირობა?
– ბიჭმა, 80 კილოიანი დოგი აივნიდან ისროლა და გმირობაა აბა რა არის?
– ჰოდა ის 80 კილოიანი დოგი ჩემი ძაღლი იყო, გაიგე ახლა?!
– მოიცა, ეს როგორ? – დავიბენი.
– როგორ და გვერდი-გვერდ ვცხოვრობთ.
– აუჰ! მერე ამის გამო 21 წლის ახალგაზრდას ღუპავ?
– თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ლექტორი ვარ.
გამომძიებელმა ყველა აგვათვალ-ჩაგვათვალიერა.
– სადა, აკადემიაში?
– დიახ.
– ესენი გავიდნენ და თქვენ დარჩით.
ბიჭებს ვთხოვე გარეთ მოეცადათ…
– დაბრძანდით აგერ ჩემო ბატონო… რა მინდა გთხოვოთ თუ იცი, ბუნტურს ახლოს იცნობ?
– ოთარს?
– ჰო, ჰო ოთარს.
– ძმაა…
– ეე ბიჭო გაგვიმწარა დისშვილი, ხომ არ აღირსა ნიშანი და აკადემიის დამთავრება მაგ უღმერთომ… რას იტყვი, ეშველება რამე ამ საქმეს?
– ჯერ ის მითხარი, ამას რა ეშველება?
– მოვა უფროსი და გავუშვებთ, მაგრაამ… მაგრამ უთხარი აღარ მიჰქაროს, იმ სახლს კარიც აქვს ბატონო და მობრძანდეს კაცურად…

****
სამი თვის თავზე დაქორწინდნენ ზურიკო და თეა…
თამადა სადღეგრძელოს ალავერდით ჩემთან გადმოვიდა, რის შემდეგაც, თითქმის საათზე მეტი, ვუყვებოდი დამსწრე საზოგადოებას, თუ რამდენი დანაშაულებრივი წახნაგი ახასიათებდა სიყვარულს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა დანაშაულად არ კვალიფიცირდებოდა, რადგან ის ყველაზე უზენასი და ხელშეუხებელი იყო.”

გააზიარეთ

 
...