რეზო თაბუკაშვილი: წინასწარმეტყველება გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე

12 თებერვალი, 2018

რეზო თაბუკაშვილიქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო თაბუკაშვილი ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. მისი ღვაწლი განუზომელია – მისი ინიციატივით და უშუალო მოღვაწეობით საქართველოს დაუბრუნდა მსოფლიოში გაბნეული უნიკალური ქართული ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტომასალა.

ლექსი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს მიუძღვნა:

“მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.
ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას;
დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.

მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.”

გააზიარეთ

 
...