მიხეილ ბულგაკოვის საიდუმლო ანდერძი

22 თებერვალი, 2018

მიხეილ ბულგაკოვიმიხეილ ბულგაკოვის საიდუმლო ანდერძი – ეს ისტორია აბსოლუტურად დაუჯერებელს ჰგავს, მაგრამ ის რეალურია და ნამდვილად ასე მოხდა.

როდესაც მძიმედ დაავადებულ მიხეილ ბულგაკოვს ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო, თავის მეუღლეს ელენა სერგეევნას ანდერძის შესახებ ესაუბრა. მწერალმა განაცხადა, რომ მის ანდერძში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი: მას შემდეგ, რაც ბულგაკოვის რომანი “ოსტატი და მარგარიტა” გამოქვეყნდებოდა, ის ადამიანი, რომელიც პირველი მივიდოდა მწერლის საფლავზე და ყვავილებს მიიტანდა, საავტორო ჰონორარიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებდა.

ეს მიხეილ ბულგაკოვის მორიგი მწარე ხუმრობა იყო… თუმცა ელენა სერგეევნამ მეუღლეს მისი სურვილის ასრულების პირობა მისცა.

მწერალი 1940 წლის 10 მარტს გარდაიცვალა. ბულგაკოვის რომანი “ოსტატი და მარგარიტა” ჟურნალ “მოსკოვში” 1966 წელს დაიბეჭდა, 1969 წლის გაზაფხულზე კი მწერლის საფლავს უცნობი ახალგაზრდა ეწვია. მას ეწყინა, რომ ბულგაკოვის საფლავზე ერთი ყვავილიც არ იდო. წავიდა, ყვავილები იყიდა და საფლავზე დააწყო. ის იყო წასვლას აპირებდა, რომ ვიღაცამ დაუძახა. მას მოხუცი ქალბატონი მიუახლოვდა და სახელი, გვარი და მისამართი ჰკითხა. ახალგაზრდა მამაკაცმა უპასუხა, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ ნეველსკი იყო ლენინგრადიდან.

ლენინგრადში დაბრუნების შემდეგ, ორ კვირაში ჟურნალისტმა მოსკოვიდან სოლიდური თანხა მიიღო. რამდენიმე დღეში კი მის სახლში ტელეფონმა დარეკა, ქალის ხმამ ამცნო, რომ ის ელენა ბულგაკოვა იყო და მოუყვა მეუღლის – მიხეილ ბულგაკოვის უცნაურ ანდერძზე.

მწერლის მეუღლემ მისი უცნაური სურვილი 29 წლის შემდეგ აასრულა. ამ ფულით ცნობილი მეზღვაურის და ადმირალის გენადი ნეველსკის შვილთაშვილმა ვლადიმერ ნეველსკიმ კატერი იყიდა და მას “მიხეილ ბულგაკოვი” უწოდა.