თამარ კვესიტაძე – იამაყეთ!

17 თებერვალი, 2018

თამარ კვესიტაძე თამარ კვესიტაძე პირველი ქართველი თანამედროვე ხელოვანია, რომლის ვირტუალური გამოფენა მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა ინსტიტუტმა Google-მა საკუთარ პლატფორმაზე ჩატვირთა.

გამოფენა სახელწოდებით „თამარ კვესიტაძე ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი“ (Tamara Kvesitadze or the Triumph of Ambivalence) 20-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.

კვესიტაძის ექსპოზიცია მსოფლიო აუდიტიორიას ხელოვნების სასახლემ წარუდგინა, ის საქართველოში Google-ის კულტურული ინსტიტუტის ერთადერთი პარტნიორია. გამოფენა კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ სპექტრს აერთიანებს, აქ წარმოდგენილია როგორც მექანიკური თოჯინები, ისე მონუმენტური ნამუშევრები, ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნახატები, კინეტიკური სკულპტურები, 2007-2011 წლებში ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშევრები. აქვეა ცნობილი მოძრავი ქანდაკების „ქალი და კაცი“-სადმი („ალი და ნინო“) მიძღვნილი საინტერესო ფოტოები, ვიდეო ფაილები და რეცენზიები.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვესიტაძე ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი ხელოვანია, რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების“ მონაწილე გახდა.

ამ ეტაპზე ხელოვნების სასახლე Google-ის ვირტუალურ სივრცეში ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერობს და იგი დამთვალიერებელს 5 ქართულ გამოფენას სთავაზობს, მათ შორისაა პეტრე ოცხელისადმი და ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი ექსპოზიცები.

თამარ კვესიტაძის ვირტუალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფმა გალერეა „კორნფილდთან“ და „თამარა სტუდიოსთან“ ერთად მოამზადა. მხატვარმა მუზეუმს მუდმივი ექსპოზიციისათვის ერთი ნამუშევარი უსახსოვრა.

ხელოვანის გამოფენის დათვალიერება 17 თებერვლიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. თანამედროვე ქართული ხელოვნება მსგავსი მასშტაბით აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა.

გამოფენის სანახავად მიჰყევით შესაბამის ბმულს: 

https://www.google.com/culturalinstitute/beta/exhibit/QAKyAru4gngKKQ