თამაზ ჩხენკელი: “ძახილი!”

3 თებერვალი, 2018

თამაზ ჩხენკელიქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, ინდური და ჩინური პოეზიის მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი მთელი სიმძაფრით აღიქვამდა თავისი სამშობლოს გასაჭირს და სატკივარს. მისი შემოქმედება სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით აღვსილი ნაწარმოებებით.

“არტინფო” გთავაზობთ თამაზ ჩხენკელის ლექსს “ძახილი”:

“მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ღალატი, შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი,
მაგრამ შენ სად ხარ, რომლის შუბლზე ყველაზე დიადს
ფიქრს უუნათლესს შევიცნობდი მტკივანი ჩინით.
მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოღმა
და შენ გეძახი, რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია
და იგი ტყვია უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა.
შენშია მზერად სიამაყე უხედნელ კვიცის
და მზედ – სიტურფე დაგროვილი გლახაკთა მიერ,
შენ ჯერ არ ჩანხარ და მზესავით აღდგები, ვიცი,
შენ ჯერ არ ჩანხარ და გაღმერთებ ყველაზე ძლიერ.
და თუ ვარ წყლული იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
მარაბდის შური და კრწანისის უძირო ბოღმა –
მე შენ გეძახი, რადგან ვიცი, ადრე თუ გვიან
ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ.”