გოგი გეგეჭკორი – ქართული თეატრის ჯენტლმენი

23 თებერვალი, 2018

გოგი გეგეჭკორი– გოგი გეგეჭორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე, – ეს სიტყვები რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის.

23 თებერვალს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს 95 წელი შეუსრულდებოდა.

“არტინფო” გთავაზობთ მიხეილ თუმანიშვილის, მედეა ჩახავას, ნათელა ურუშაძის და ვასილ კიკნაძის მოსაზრებებს გოგი გეგეკჭორთან დაკავშირებით, რომლებიც რუსთაველის თეატრმა გამოაქვეყნა.

მიხეილ თუმანიშვილი, რეჟისორი:

“გოგი გეგეჭკორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე. ბუნებისაგან მინიჭებული ნიჭირება მასში გაჯერებულია გასაოცარი შრომისმოყვარეობით და ორგანიზებულობით.

გოგი გეგეჭკორი უსაზღვრო დიაპაზონის მსახიობია, მისი პალიტრა სავსეა სხვადასხვა ტონალობის საღებავებით. იგი ფანტასტიკურად ერთგულია თავისი საქმის.”

მედეა ჩახავა, მსახიობი:

“ჩვენ ისეთი სკოლა გავიარეთ ჯერ გიორგი ტოვსტონოგოვთან, შემდეგ მიხეილ თუმანიშვილთან, როცა სულ ახალგაზრდები ვიყავით, ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, ისე ჩაგვინერგეს, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, რომ მთელი ცხოვრება ამ მრწამსით გავატარეთ. დღესაც ერთად ვართ დაკავებული მე და გოგი ახალ სპექტაკლში და როცა სახლში ფიქრს ვიწყებ, თვალწინ აუცილებლად გოგი დამიდგება, რადგან იგი ჩემი პარტნიორია და ჩემს მიერ მოფიქრებული სცენა აუცილებლად უნდა შევათანხმო მის მიერ მოფიქრებულთან.

პარტნიორის გრძნობა, რეპეტიციის დროს იქნება ეს თუ სპექტაკლის მიმდინარეობისას, აუცილებლად გულისხმობს ურთიერთპატივისცემის გრძნობასაც, რაც სრულიად გამორიცხავს ეგოისტურ მომენტებს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სახეზე ფიქრისას.

გოგი შესანიშნავი პარტნიორია, ინიციატივიანი, იგი რეჟისორისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მოდის რეპეტიციაზე. იგი მრავალფეროვანია, დაუღლელი, სულ იწვის, დაუზარელია…”

ნათელა ურუშაძე, თეატრმცოდნე, გოგი გეგეჭკორის მეუღლე:

“ადამიანი ზოგჯერ ერთნაირია შინ და გარეთ, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული, ზოგჯერ რაღაცით ჰგავს გარეთ მყოფს და ზოგჯერ რაღაცით არა.

მკაცრი არის, მაგრამ პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ისე, საერთოდ, რბილი ადამიანია, მაგრამ შინაგანი დისციპლინა აქვს უმაღლეს დონეზე.

ერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა ქალმა მიცნო მე და ვერ იცნო გოგი. ის ქალბატონი თეატრსა და კინოში როგორც ჩანს არ დადიოდა, ტელევიზორს კი უყურებდა. კინაღამ გაგიჟდა გოგი. ეს არის წმინდა არტისტული ბუნება. ესენი ხომ ვერ იტანენ ვიღაცამ რომ ვერ იცნოს, რადგან პოპულარობის, ხალხის სიყვარულის მეტი მათ პროფესიიდან ხომ არაფერი რჩებათ.

ჩვენ როდესაც დავქორწინდით იგი თამაშობდა “ბარათაშვილს” და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის მქონე პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად ‘ჭინჭრაქაში. აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი რა მელოდა, ცოტა ხნის შემდეგ იგივე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი, რომელიც დღემდე ცოცხლობს ამ სცენაზე. ამას მოჰყვა ალქაჯი “მაკბეტში” და ვიფიქრე, ეხლა მაინც დამთავრდა ჩემი გაწბილების პროცესი-თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამჟამად რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაეშვა სპექტაკლი “შორაპნელი ქალბატონები”, სადაც გოგი საიქიოდან მოვლინებულ ადამიანს თამაშობს და ახლა თავად განსაჯეთ, რით დაიწყო და რით მთავრდება ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი.”

ვასილ კიკნაძე, თეატრმცოდნე:

“ქართული თეატრის ჯენტლმენი – ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით. ეს გამონაკლისი თვისებაა.

საქართველოში არტისტულ ნიჭს რა გამოლევს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს – საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა – ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი.

გოგი გეგეჭკორთან ერთად 10 წელი ვიმუშავე რუსთაველის თეატრში. ეს იყო ბედნიერი წლები. რამდენი შემოქმედებითი და ადამიანური სიხარული მაჩუქა ბატონმა გოგიმ. მას ჯერ ისევ სტუდენტობის წლებში შევხვდი. თეატრმცოდნეები დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლის “დონ სეზარ დე ბაზანის” რეპეტიციებს ვესწრებოდით. გასაოცარი, მართლაც ზღაპრული, რაღაც საზეიმო იმპროვიზაციების ფეიერვერკები იყო სარეპეტიციო პროცესი. დიმიტრი ალექსიძის იუმორი, სიტუაციების შეთხზვის უნარი, შთაგონება და გეგეჭკორის დონ სეზარის მოქნილი, დახვეწილი ელეგანტური მოძრაობა, ფორმათა უეცარი გათავისება. რეჟისორის ჩანაფიქრის ზუსტი ამოხსნა, იქვე ჩვენს თვალწინ ახალ ფორმათა თუ პლასტიკურ ნახაზთა შეთხზვა აღტაცებას გვგვრიდა სტუდენტებს. მაშინ ბატონი გოგი ხომ უპოპულარულესი ახალგაზრდა მსახიობი იყო, დავაჟკაცებული, მაგრამ ახალგაზრდა, 27 თუ 28 წლისა. ჩვენ გვხიბლავდა მისი მაღალი პროფესიული კულტურა და ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო სტუდენტებისათვის.

გოგი გეგეჭკორმა შემოქმედებითი ცხოვრების დიდი გზა განვლო. ჭეშმარიტი ხელოვნება ოქროს მაძიებლის შრომასავით მძიმეა, მაგრამ მუდამ იმით დაიმედებული, რომ უთუოდ გამოთნათებს ოქროს ელვარება. ის პატარა საოცარი მარცვალი არის შემოქმედის მუდმივი ძიების საგანი. ბედნიერია გოგი გეგეჭკორი, რომ არასოდეს ამაოდ არ დამშვრალა ამ ძიებებში, ყოველთვის პოულობდა ხოლმე იმ მარცვალს, რომელიც მისი სულიდან ანათებდა. მაყურებელი კი მუდამ ბედნიერი იყო, რადგან მათ სულშიაც იჭრებოდა სინათლის სხივი.

ბატონი გოგის როლები რომ ჩამოვთვალო, გვერდები არ ეყოფა. ყოველი სახე ცალკე საუბრის თემაა.
უკვე ისტორიას ეკუთვნის ბევრი რამ, რის გარეშეც წარმოუდგენელია ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ქართული სამსახიობო ხელოვნება.

ეს დიდი სიმდიდრეა!”

გააზიარეთ

 
...