ავა გარდნერი – მსახიობი ანგელოზის სახით

10 თებერვალი, 2018

ავა გარდნერისაკმარისია ვახსენოთ ავა გარდნერი, რომ ყველას მაშინვე ულამაზესი მსახიობი გაგვახსენდება. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ავა გარდნერი მართლაც ძალიან ლამაზი იყო ჩვენი პლანეტისთვის, იმდენად ლამაზი, რომ ბედნიერიც კი ვერ გახდა.

ერთხელ როდესაც მდიდარი, მაგრამ მარტოსული ქალის როლის თამაში შესთავაზეს, მსახიობმა განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ასეთ ქალბატონს თამაშობდა.

”არტინფო” ავა გარდნერის ტკივილიან ცხოვრებას გაგაცნობთ:

ავა გარდნერი ღარიბ ოჯახში დაიბადა. დედა შვილებს მკაცრად ზრდიდა, მათ ოჯახში ერთადერთი წიგნი ბიბლია იყო, ერთადერთი გასართობი კი – რადიომიმღები.

მსახიობი 16 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და მისი ცხოვრება აუტანელი გახდა. ავა ულამაზესი იყო, დედა მას ახალ კაბებს არ ყიდულობდა, კოსმეტიკის გამოყენებას უკრძალავდა და აიძულებდა მხოლოდ სწავლაზე ეფიქრა.

გოგონას ზღაპრული პრინცისაც სჯეროდა და სიყვარულისაც, ამიტომ როგორც კი 18 წლის გახდა, სახლიდან წავიდა და მდივნის კურსებზე დაიწყო სწავლა. ცხოვრება მისთვის მოსაწყენი იყო, თუმცა დასთან ნიუ იორკში სტუმრობამ, გოგონას ბედი საბოლოოდ განსაზღვრა. ავას სიძე ლარი ტერი ფოტოგრაფი იყო, მან გოგონას რამდენიმე ფოტო გადაუღო და გაოცება ვერ დამალა – ავა გარდნერი კინოსთვის იყო დაბადებული. იგივე აზრი გამოთქვა კინოსტუდია “მეტრო გოლდვინ მაიერის” წარმომადგენელმა, როცა გოგონას ფოტოები ნახა. ავას მაშინვე შესთავაზეს კონტრაქტი. მკაცრად გაზრდილმა გოგონამ მაშინვე იგრძნო, რომ ეს მისი შანსი იყო, რაზეც უარი არ თქვა და კინოკომპანიასთან 7-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის მიხედვით, მას კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ. ასე დაიწყო ავა გარდნერის სამსახიობო კარიერა.

მსახიობს ჰოლივუდის პირველი შავგვრემანი ლამაზმანი განა ტყუილად უწოდეს?! როგორც კი მან “მეტრო გოლდვინ მაიერის” ზღურბლს გადააბიჯა, კინოსტუდიის მთავარ ვარსკვლავს მიკი რუნის შეუყვარდა. მიკი ავას საჩუქრებით ანებივრებდა და ჰპირდებოდა, რომ მსოფლიოში უბედნიერეს ქალად აქცევდა, მაგრამ ავა მას უარით ისტუმრებდა. მიკის დაუსრულებელმა საჩუქრებმა და ხვეწნა-მუდარამ საბოლოოდ გაჭრა და ისინი დაქორწინდნენ. თუმცა ერთობლივი ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ავას წარმოედგინა. მთელი დღის განმავლობაში მიკი მუშაობდა, საღამოს კი მეგობრებთან ერთად დაუსრულებლად ერთობოდა. მათი ქორწინება გაყრით დასრულდა, მიკი ევედრებოდა ავას მისგან არ წასვლიყო, მაგრამ გადაწყვეტილება მსახიობმა აღარ შეცვალა.

გარდნერის კინოკარიერა წლების განმავლობაში უინტერესოდ მიიზლაზნებოდა. 5 წლის განმავლობაში მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ. ავა გარდნერის პირველი დიდი წარმატება კინოკარიერაში ფილმი “მკვლელები” აღმოჩნდა.

ამ პერიოდში მწთანეთვალება ლამაზმანით ამერიკელი ბიზნესმენი და მილიონერი ჰოვარდ ჰიუზი დაინტერესდა. მისთვის ლამაზი ქალები გართობა იყო, ავა მასთან ურთიერთობას არ ჩქარობდა, თუმცა მის მზრუნველობაზე უარს არ ამბობდა. საბოლოოდ მსახიობი მიხვდა, რომ ის ჰოვარდის ისეთივე გასართობი იყო, როგორც სხვა დანარჩენი ლამაზმანები, ამიტომ მასთან კონტაქტი გაწყვიტა.

გადაღებების დროს ავა გარდნერმა კლარნეტისტი არტი შოუ გაიცნო. მსახიობს უკვე მობეზრებული ჰყავდა მდიდარი მამაკაცები, ამიტომ ინტელექტუალი მუსიკოსის მკლავებში ადვილად აღმოჩნდა. მართალია ავა და არტი დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და 7 თვის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც მსახიობი იხსენებდა, მუსიკოსთან ცხოვრება იმაზე მოსაწყენი იყო, ვიდრე მდივნის კურსებზე სწავლა.

არტი შოუსთან განშორების შემდეგ, ავა გარდნერი თავდავიწყების მორევში გადაეშვა და საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მისი რომანი მსახიობ ჰოვარდ დაფთან ორსულობით და წარუმატებელი აბორტით დასრულდა, რის შემდეგაც შვილების ყოლა აღარ შეეძლო. მსახიობს დეპრესია დაეწყო და სმას მიეძალა.

სიცოცხლის სურვილი ავა გარდნერს მსახიობმა და მომღერალმა ფრენკ სინატრამ დაუბრუნა. მეგობრები ავას აფრთხილებდნენ, რომ ფრენკი ქალების გულთამპყრობელი იყო, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ უნდოდა და ფრენკ სინატრა თავდავიწყებით შეუყვარდა. ავა გარდნერისადმი გულგრილი არც სინატრა იყო. როდესაც მსახიობი ესპანეთიდან, გადაღებებიდან დაბრუნდა, წყვილი დაქორწინდა. მათი ქორწინება წლის მოვლენა გახდა. ისინი საოცრად გავდნენ ერთმანეთს, უყვარდათ იტალიური სამზარეულო, კრივი, ვისკი და ღამის ცხოვრება.

დაქორწინების შემდეგ მათმა კარიერამ წარმატების პიკს მიაღწია. ფრენკ სინატრამ ოსკარი მიიღო, ავად გარდნერი კი გადაიღეს ფილმში “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, მან მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ფილმმა “მოგამბო” კი ავას მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული და ოსკარი აჩუქა. მსახიობმა კინოკარიერის განმავლობაში 13 ფილმში მიიღო მონაწილეობა, 50-იანი წლების ბოლოს კი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა და ეკრანზე სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა.

ფრენკ სინატრა ავა გარდნერის ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. მომღერალი არც ერთ ლამაზ ქალს არ უშვებდა ხელიდან, მსახიობს კი მისი საყვარელი მამაკაცის სხვასთან გაყოფა არ სურდა. როდესაც ფრენკ სინატრას ცხოვრებაში მერილინ მონრო გამოჩნდა, ავა ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ღამის ცხოვრებით ცხოვრობდა, დღე კი კორიდაზე ჰემინგუეისთან ერთად დადიოდა. ერთხელ მსახიობმა განაცხადა, რომ კორიდაში მონაწილეობა სურდა, თუმცა ამ სურვილის განხორციელება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ცხენმა უნარიგიდან გადმოაგდო, მსახიობმა ტრავმა მიიღო და რამდენიმეთვიანი მკურნალობა დასჭირდა.

60-იან წლებში ავა გარდნერს ესპანეთში ცხოვრება მოსწყინდა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მას განმარტოება სურდა და მხოლოდ უახლოეს მეგობრებს ეკონტაქტებოდა. მათ შორის იყო ფრენკ სინატრაც. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ცოლიც ჰყავდა და საყვარლებიც, ყოველთვის ავა გარდნერი უყვარდა.

80-იან წლებში მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი და საწოლს მიეჯაჭვა. სიცოცხლის ბოლო წლებში ავაზე სამი ადამიანი ზრუნავდა: ოჯახის დამხმარე ქალი კარმენ ვარგასი, უახლოესი მეგობარი და მსახიობი გრეგორი პეკი და ფრენკ სინატრა. 1990 წელს ავა გარდნერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააზიარეთ

 
...