6 თებერვალი, 2018

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა კონსტანტინე გამსახურდიაზე

კონსტანტინე გამსახურდიამწერალ კონსტანტინე გამსახურდიაზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. მწერლის ცხოვრება და მოღვაწეობა მკვლევარების მიერ კარგად არის შესწავლილი, თუმცა შემოქმედის ცხოვრებაში არსებობს ეტაპები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ მისი შვილიშვილის ცოტნე გამსახურდია ავრცელებს:

“გერმანულ არქივებში ქართველმა მკვლევარმა გიორგი ასტამაძემ აღმოაჩინა ფრიად საინტერესო დოკუმენტები კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების “გერმანული პერიოდის” შესახებ. საარქივო მასალებში აღნიშნულია როგორ ეხმარებოდა გამსახურდია მსოფლიო ომის ქართველ ტყვეებს, წერდა საქართველოსა და გერმანიის ისტორიისა და ურთიერთობათა შესახებ, ასევე მოყვანილია მისი ხასიათის თავისებურებები.”

გიორგი ასტამაძე:

“მწერალი კონსტანტინე გამსახურდია 1912-1915 წლებში სწავლობდა კიონიგსბერგის, ლაიფციგის და მიუნხენის უნივერსიტეტებში. მიუნხენში ყოფნისას ის დაპატიმრებულიც იყო როგორც რუსეთის იმპერიის მოქალაქე, მაგრამ 1915 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. ამავე წლის ბოლოს ის ბერლინში გადავიდა და ფრიდრიხ-ვილჰელმის უნივერსიტეტში (დღევანდელი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) განაგრძო სწავლა, პარალელურად მუშაობდა აღმოსავლეთის საინფორმაციო ბიუროში (Nachrichtenstelle für den Orient), რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. გამსახურდია აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მოქმედ ქართულ კომიტეტთან და მონაწილეობას იღებდა გერმანიაში მყოფი ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასა და კომიტეტის მხარეზე გადაბირებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში აღმოჩნდა რამდენიმე დოკუმენტი, თუ როგორ გადაწყდა კონსტანტინე გამსახურდიას ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღება. 1918 წლის 14 ოქტომბერს გამსახურდია წერილს უგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს, ქართველების კარგ ნაცნობ ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს. წერილში აღნიშნულია, რომ ის უკვე 6 წლის მანძილზე სწავლობს გერმანულ უნივერსიტეტებში, 1915 წლიდან კი ირიცხება ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც უნდა რომ 1919 წლის ზამთრის სემესტრში დოქტორის ხარისხი დაიცვას, ფაკულტეტის დეკანმა ერდმანმა კი მას ამცნო, რომ ახალი წესების მიხედვით, მხოლოდ იმ უცხოელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ვისთვისაც გერმანული დედაენაა. გამსახურდია სწერს ვეზენდონკს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ქართველია, საკმაოდ კარგად ფლობს გერმანულს და მაგალითად მოჰყავს მის მიერ გერმანიაში გამოქვეყნებული სტატიები და ერთი ბროშურა (Kaukasus im Ersten Weltkrieg) პირველი მსოფლიო ომის შესახებ. გამსახურდია თხოვნით მიმართავს ვეზენდონკს, დაეხმაროს მას კულტურის სამინისტროსგან ნებართვის მოპოვებაში, რომელიც ფაკულტეტის დეკანს უნდა გადაეგზავნოს ბერლინის უნივერსიტეტში.

ამ წერილიდან სამ დღეში, 17 ოქტომბერს, ნახრიხტენშტელედან გაიგზავნა გამსახურდიას დახასიათება კულტურის და მეცნიერების სამინისტროში. წერილში აღნიშნულია გამსახურდიას განვლილი აკადემიური გზის შესახებ და ხაზი აქვს გასმული იმ გარემოებას, რომ თავისი შეხედულებებით, გამსახურდია ფაქტობრივად ერთადერთი ქართველია, რომელიც თავისი პროგერმანული მიდრეკილებებით მიხეილ წერეთელს შეიძლება შეედაროს. მაგალითად, დასახელებულია გამსახურდიას ნაწერები, თარგმანები, ასევე მისი დაპირისპირება პროანტანტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციისადმი ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას. გამსახურდიას პიროვნულ თვისებებად წერილში მის სამხრეთულ სიამაყეს და სიფიცხეს, ასევე აღმოსავლურ მგრძნობიარობას ასახელებენ, რომელთან ურთიერთობაშიც სიფრთხილე და უხეშობის თავიდან არიდებაა საჭირო.

ბოლოს, რჩევის სახით დამატებულია, რომ გამსახურდია, როგორც მომავალი დოცენტი ტფილისის უნივერსიტეტში, შეუფასებელი ძალა იქნება გერმანიის პროპაგანდისთვის, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეუშალონ და პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ მას მისი სურვილის განხორციელებაში. წერილს ხელს აწერს გერჰარდ მიულერი.

ინფორმაცია დოქტორობის მსურველ კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ბერლინის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს 21 ოქტომბერს გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რასაც მოჰყვა განათლების სამინისტროს წერილი 29 ოქტომბერს. 5 ნოემბერს ფაკულტეტის დეკან ერდმანის მიერ განათლების სამინისტროსთვის უკან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჰქონდა შეხვედრები ბერლინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და რომ მას დამაიმედებელ ინფორმაციას აძლევენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებული იქნებოდა მას შემდეგ, რაც გამსახურდია თავის წერის პროცესში მყოფ ნაშრომს „საქართველოს ისტორიის შესავალი“ წარმოადგენდა.

გამსახურდიას ბერლინური დოქტორანტურის ბედი საბოლოოდ ირკვევა 1918 წლის 22 ნოემბრის წერილით, რომელიც ნარევოლუციევი გერმანიის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს. მასში ვკითხულობთ: „ფილოსოფიის სტუდენტ კონსტანტინე გამსახურდიას განაცხადი დოქტორანტურაზე მიღებულია იმ წინაპირობით, რომ ის გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, განსაკუთრებით კი, წარმოადგენს ცნობას სამეცნიერო განათლების შესახებ“.